დიდი ბრიტანეთის მმართველ ლეიბორისტულ პარტიაში ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე Rosebank-ის ნავთობის საბადოს ათვისების საკითხზე დაპირისპირება მწვავდება. პარტიის ათობით დეპუტატი პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემს პროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ მისი დაბლოკვა შოტლანდიაში ლეიბორისტების პოლიტიკურ პოზიციებს მნიშვნელოვნად დააზიანებს.
The Guardian-ის ინფორმაციით, ნავთობის მოპოვების მხარდამჭერი 80-მდე დეპუტატი პრემიერ-მინისტრისთვის ერთობლივი წერილის გაგზავნას განიხილავს. მანამდე კი პარტიის თითქმის 100-მა დეპუტატმა მთავრობის მეთაურს პროექტის შეჩერების მოთხოვნით მიმართა.
Rosebank-ის საკითხი ენდი ბერნემისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად იქცა, რომელიც ეკონომიკურ ინტერესებს, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და კლიმატურ ვალდებულებებს შორის ბალანსის დაცვას მოითხოვს.
ეკონომიკური სარგებელი თუ კლიმატური ვალდებულებები
პროექტის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ საბადოს ექსპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში ნახშირორჟანგის დამატებითმა ემისიებმა შესაძლოა 254 მილიონ ტონას მიაღწიოს. მათი შეფასებით, მოსალოდნელი 500 მილიონი ფუნტის დამატებითი საგადასახადო შემოსავალი და 500 სამუშაო ადგილი გარემოსთვის მიყენებულ ზიანს ვერ გადაწონის.
პროექტის მხარდამჭერები კი ყურადღებას ამახვილებენ შოტლანდიის ეკონომიკაზე, დასაქმებაზე, საინვესტიციო გარემოსა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე.
შოტლანდიის ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, მაიკლ მარას განცხადებით, ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობისა და გაზის მოპოვების შემცირება საფრთხეს უქმნის ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანების შემოსავლებსა და სამუშაო ადგილებს.
მისი შეფასებით, განახლებად ენერგიაზე გადასვლის პროცესში ხელისუფლებამ ტრადიციულ ენერგეტიკულ სექტორში დასაქმებული მოქალაქეების ინტერესებიც უნდა გაითვალისწინოს.
პროექტის მხარდამჭერი დეპუტატები ასევე მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი ენერგორესურსების გამოყენება შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას და ხელს შეუწყობს იმ პროფესიული ცოდნისა და საწარმოო ინფრასტრუქტურის შენარჩუნებას, რომელიც მომავალში განახლებადი ენერგეტიკის განვითარებისთვის იქნება საჭირო.
შოტლანდიის მოსახლეობის უმრავლესობა პროექტს მხარს უჭერს
კვლევითი ორგანიზაცია Survation-ის მიერ ოქტომბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, შოტლანდიის მოსახლეობის 64% Rosebank-ის პროექტის დამტკიცებას მხარს უჭერს, წინააღმდეგი კი 16%-ია.
კვლევის მიხედვით, პროექტს მოსახლეობის თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფში აქვს უმრავლესობის მხარდაჭერა, გამონაკლისს მხოლოდ 18-24 წლის ახალგაზრდები წარმოადგენენ.
საკითხს განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ენდი ბერნემის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ ლეიბორისტების რეიტინგი გაიზარდა, შოტლანდიაში პარტია კვლავ ჩამორჩება შოტლანდიის ეროვნულ პარტიას (SNP).
ამასთან, ბოლო თვეებში ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობისა და გაზის ახალი პროექტების მიმართ პოზიცია თავად შოტლანდიის ეროვნულმა პარტიამაც შეარბილა.
ვის ეკისრება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
Rosebank დიდი ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში მდებარე ყველაზე დიდი აუთვისებელი ნავთობის საბადოა.
მიუხედავად იმისა, რომ ლეიბორისტული პარტიის წინასაარჩევნო დაპირება ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობისა და გაზის მოპოვებისთვის ახალი ლიცენზიების გაცემის შეწყვეტას ითვალისწინებდა, Rosebank-ს შესაბამისი ლიცენზია უკვე აქვს. შესაბამისად, პროექტის განხორციელებისთვის გარემოსდაცვითი თანხმობის მიღებაა საჭირო.
The Guardian-ის ინფორმაციით, ენერგეტიკის მინისტრი მიატა ფაჰნბულე პროექტის დამტკიცების წინააღმდეგ იხრება, რაც გარემოზე მოსალოდნელ ზემოქმედებასა და დიდი ბრიტანეთის ენერგომომარაგებაში საბადოს შედარებით მცირე წვლილს უკავშირდება.
პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ენერგეტიკის მინისტრი მიიღებს შესაბამისი მტკიცებულებების, გარემოსდაცვითი შეფასებებისა და კონსულტაციების შედეგების გათვალისწინებით.
ამასთან, პროექტის დამტკიცების შემთხვევაში მთავრობა შესაძლოა შიდა პოლიტიკური კრიზისის წინაშეც აღმოჩნდეს. გამოცემის ინფორმაციით, მინისტრთა რამდენიმე თანაშემწე საკითხის გამო თანამდებობის დატოვების შესაძლებლობას განიხილავს.
წყარო: The Guardian.