ირანმა აშშ-ის ძალებზე თავდასხმებისას კომპანია SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტსერვისი Starlink-ი გამოიყენა.
The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა უკიდურესი აღშფოთება გამოხატა, როდესაც შეიტყო Starlink-ის არასანქცირებული გამოყენების ორი შემთხვევის შესახებ, რომლებიც, მისი გუნდის შეფასებით, ირანის მიერ აშშ-ის ძალების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს უკავშირდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მასკს ასევე აცნობეს, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები ერთჯერადი მოქმედების დრონებს Starlink-ის სამხედრო ვერსიის – Starshield-ის – მეშვეობით იყენებდნენ, თუმცა უფრო იაფი ტარიფით, რომელიც სახმელეთო ოპერაციებისთვის არის განკუთვნილი. The Washington Post-ის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, პიტ ჰეგსეთს, საიდუმლო ანგარიში წარუდგინეს, რომელშიც ირანის სამხედრო ძალების მიერ Starlink-ის გამოყენება იყო აღწერილი. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა Reuters-ს განუცხადა, რომ „არ ფლობს ინფორმაციას თავდაცვის უწყებისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით წარდგენილი ანგარიშის შესახებ“.
ირანის ხელისუფლება არეულობის პერიოდებში მოსახლეობას ინტერნეტზე წვდომას უზღუდავდა, მათ შორის იანვარში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს, რომლებსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შემდეგ აშშ-ის მთავრობამ ირანში Starlink-ის ათასობით ტერმინალი ფარულად შეიტანა.
Starlink-ს ირანში ოპერირების ლიცენზია არ აქვს, თუმცა მასკმა ადრე განაცხადა, რომ ეს სერვისი ქვეყანაში ხელმისაწვდომია.