საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი  თბილისის აეროპორტში თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს რომ კვერცხის სროლასთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა სასამართლოში.

“ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ყველაფრის გატარება არ შეიძლება. დღეს საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე, ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ, აქ ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას და შემდგომ უკვე პოლიტიკოსების მიერ, ოცნების მიერ გამართლებულ ძალადობას პრეზიდენტის მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა, ისინი რომელ პრეზიდენტს ცნობენ თუ არ ცნობენ, ეს არის სახელმწიფო და ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ სცემენ პატივს.

მე კი არა, მე ამ შემთხვევაში არ ვარ პიროვნება, მე ვარ იმისი სიმბოლო, რასაც ებრძვის ქართული ოცნება – ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ტრადიციებს, ქართულ ზრდილობას, მაგრამ ეს უკვე ძალიან დიდი ხანია, დაავიწყდათ და საქართველოს სურათს მსოფლიოში.

იმ დროს, როცა მიმიღეს, როგორც მიმიღეს მიუნხენში თუ მანამდე ამერიკასა და პარიზში, ეს მათი რეაქცია არის მხოლოდ პატარა კაცების პატარა ბოღმა, ვერსად ვერ წავა ეს ბოღმა, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს თუ რა ხდება და რატომ ხდება, რომ ესენი ვერაფერს ვერ გადიან, ამას ვუხსნიდი მე უცხოეთში, რასაც ღალატს ეძახიან, რომ საქართველო ამაზე ბევრად მეტია, საქართველო ამაზე ბევრად დიდია, ესენი ვეღარც მართავენ საქართველოს, აღარც იციან, რას ნიშნავს ქვეყნის მართვა და მმართველობა.

ერთადერთი, რასაც აკეთებენ და რაც შეუძლიათ, ეს არის რაღაც რეპრესიული ზომების ერთი მეორის მოყოლებით მიღება და კვერცხის სროლა. რა უსუსური უნდა იყო, რომ ამაზე დახვიდე, როცა შენ ხარ ხელისუფლება, მაგრამ ხელისუფლება სიტყვა არ მიყვარს, ამათ შემთხვევაში, რადგან აღარ არიან ხელისუფლება, ესენი არიან რეჟიმი.

და რა სისუსტეს ავლენს რეჟიმი, როცა ქალის მიმართ, ასაკოვანი ქალის მიმართ, რომელსაც არ ცნობენ პრეზიდენტად, კარგი, ნუ მცნობთ, არ აქვს ამას მნიშვნელობა, ასე იქცევი, ეს თუ სისუსტის ნიშანი არ არის, მე არ ვიცი, რისი ნიშანია” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.