შედეგიანი აღმოჩნდა გუშინდელი, 9-საათიანი მოლაპარაკება საუდის არაბეთში, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის. უკრაინა დათანხმდა, მიიღოს შეერთებული შტატების წინადადება ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის შესახებ. თავის მხრივ, შტატები დაუყოვნებლივ განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. მხარეებმა განიხილეს ასევე ცეცხლის შეწყვეტის დროს ჰუმანიტარული ძალისხმევის მნიშვნელობა, მათ შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლება და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნება.
უკრაინა მზად არის შუალედურ, 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, ხოლო აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას. ამის შესახებ საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადების თანახმად, აშშ “დაუყოვნებლივ გააუქმებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაზე პაუზას და განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას”.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს თქმით, აშშ-მა უკრაინას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება შესთავაზა, რომელსაც უკრაინული მხარე დათანხმდა: “რათა შევიდეთ ცეცხლის შეწყვეტაში და შევიდეთ მოლაპარაკებებში, რომ დავასრულოთ კონფლიქტი ისე, რომ მყარი და გამძლე იყოს”.
რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-ის წინადადება მოიაზრებს “ცეცხლის სრულ შეწყვეტას ფრონტის ხაზზე, არა მხოლოდ საჰაერო და საზღვაო ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც უკრაინელებმა შემოგვთავაზეს”.
რუბიოს თქმით, აშშ ახლა “ამ წინადადებით რუსებთან მივა” და მას “იმედი აქვს”, რომ ისინი დათანხმდებიან. სახელმწიფო მდივნის თქმით, “ბურთი ახლა მათ რუსების მოედანზეა”. მან აღნიშნა, რომ თუ რუსები უარს იტყვიან “მაშინ, სამწუხაროდ, გვეცოდინება მშვიდობისთვის შემაფერხებელი რა არის”.
რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმება დღევანდელი მოლაპარაკებების საგანი არ ყოფილა.
აშშ-მა 30 დღით ცეცხლის სრული შეწყვეტა შემოგვთავაზა, ჩვენ მზად ვართ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-მა უნდა დაარწმუნოს რუსეთი, რომ იგივე გააკეთოს და თუ რუსეთი დათანხმდება, სიჩუმე ამოქმედდება.
“დღეს საუბარში სწორედ ამერიკული მხარის წინადადება იყო შემდგომ პირველი ნაბიჯის გადადგმა და 30 დღით ცეცხლის სრული შეწყვეტის ცდა, არა მხოლოდ რაკეტებთან, დრონებთან და ბომბებთან მიმართებით, არა მხოლოდ შავ ზღვაში, არამედ ასევე, ფრონტის მთელ ხაზზე. უკრაინა იღებს ამ წინადადებას, დადებითად მიგვაჩნია ის, მზად ვართ ასეთი ნაბიჯი გადავდგათ და აშშ-მა უნდა დაარწმუნოს რუსეთი, რომ ეს გააკეთოს. ანუ ჩვენ ვთანხმდებით და თუ რუსები დათანხმდებიან – მაშინვე სიჩუმე ამოქმედდება”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საუბრის მნიშვნელოვანი ელემენტია აშშ-ის მზაობა განაახლოს უკრაინის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება.
“უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის. თავისი მზადყოფნა, შეწყვიტონ ან გააგრძელონ ომი, რუსეთში უნდა აჩვენონ. სრული სიმართლის დროა”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ჯიდაში მოლაპარაკების დასრულებიდან რამდენიმე საათში, შეხვედრას გამოხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოჰყვა.
პარალელურად, რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინაზე ნებისმიერი შეთანხმება მოხდება მოსკოვის და არა ვაშინგტონის პირობებით.
“რეალური შეთანხმებები იწერება ფრონტზე და აშშ-მა ეს უნდა გაიგოს”, – ამბობს კონსტანტინ კოსაჩოვი.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი იმედოვნებს, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება.
ტრამპის თქმით, “მათ შევხვდებით დღეს მოგვიანებით და ხვალ”.
“უკრაინა. ცეცხლის შეწყვეტა. ცოტა ხნის წინ შევთანხმდით ამაზე.
ახლა რუსეთთან უნდა მივიდეთ და იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი პუტინი, ასევე, დათანხმდება ამას და შევძლებთ ამ საშინელი ომის დასრულებას…
ეს ცეცხლის სრული შეწყვეტაა. უკრაინა დათანხმდა ამას და იმედი მაქვს, რომ რუსეთიც დათანხმდება. მათ შევხვდებით დღეს მოგვიანებით და ხვალ. და იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას მივაღწევთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტა ძალიან მნიშვნელოვანია.
თუ შევძლებთ, რომ რუსეთმა ეს გააკეთოს – შესანიშნავი იქნება, თუ არა – ეს გაგრძელდება და ხალხი დაიხოცება, ბევრი ხალხი”, – განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე არის თუ არა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაპატიჟებული თეთრ სახლში, ტრამპმა უპასუხა “რა თქმა უნდა, აბსოლუტურად”.
საუდის არაბეთში მიღწეულ შეთანხმებას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დადებითად აფასებს.
კირ სტარმერი, შემდგომი ნაბიჯების განსახილველად ლიტრებთან შეხვედრას აანონსებს.
“სიხარულით მივესალმები ჯიდაში მიღწეულ შეთანხმებას, რუსეთიც უნდა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, შემდგომი ნაბიჯების განსახილველად შაბათს ლიდერებს შევხვდები” – ეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაა.
ევროპელი ლიდერებიც მიესალმებიან აშშ-უკრაინის მიერ მიღწეულ შეთანხმებას საუდის არაბეთში.
კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიესალმება უკრაინის განცხადებას, რომ მზად არის, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის.
„ბურთი ახლა აშკარად რუსეთის მოედანზეა“, – დაწერა მაკრონმა X-ზე.
მისი თქმით, საფრანგეთი და მისი პარტნიორები რჩებიან მყარი და გრძელვადიანი მშვიდობის ერთგულნი, რომელსაც მხარს დაუჭერს უკრაინის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები.
განცხადებას აქვეყნებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერიც, რომელიც “თბილად” მიესალმება ჯედაში მიღწეულ შეთანხმებას და ულოცავს პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის “ამ შესანიშნავ გარღვევას”.
“ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი უკრაინაში მშვიდობისთვის და ჩვენ ყველამ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ გრძელვადიან და უსაფრთხო მშვიდობას. როგორც ამერიკულმა და უკრაინულმა დელეგაციებმა განაცხადეს, ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა. რუსეთი ახლა უნდა დათანხმდეს ცეცხლის და ბრძოლების შეწყვეტას” , – აღნიშნა სტარმერმა.
მისივე თქმით, შაბათს მოიწვევს მხარდამჭერი ქვეყნების ლიდერებს ვირტუალურ შეხვედრაზე “შემდეგი ნაბიჯების განსახილველად“ და დასძინა:
“ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ამ ომის დასრულებას სამართლიანი გზით”.
ასევე, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროპა მზად არის დაეხმაროს სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას.
“როგორც ჩანს, ამერიკელებმა და უკრაინელებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს მშვიდობისკენ. ევროპა კი მზადაა, დაეხმაროს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაში”, – დაწერა ტუსკმა.
ევროკავშირი მიესალმება უკრაინისა და შეერთებული შტატების ერთობლივ განცხადებას საუდის არაბეთის სამეფოში შეხვედრის შემდეგ – ახლა რუსეთმა უნდა აჩვენოს თავისი მზადყოფნა მშვიდობის მისაღწევად, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი ავრცელებს.
„ევროკავშირი მიესალმება უკრაინისა და შეერთებული შტატების ერთობლივ განცხადებას საუდის არაბეთის სამეფოში შეხვედრის შემდეგ, მათ შორის წინადადებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების, ჰუმანიტარული ძალისხმევის და აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებისა და უსაფრთხოების დახმარების განახლებაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კაია კალასი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მზადაა, უკრაინასთან, შეერთებულ შტატებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, სრული როლი ითამაშოს მომავალი ნაბიჯების მხარდასაჭერად.
„ევროკავშირის მიზანია მხარი დაუჭიროს უკრაინას, რათა მიაღწიოს ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას გაერო-ს წესდების და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით. ცეცხლის შეწყვეტის წინადადება – რუსეთის მიერ მიღების შემთხვევაში – შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს ამ მიმართულებით. ახლა რუსეთმა უნდა აჩვენოს თავისი მზადყოფნა მშვიდობის მისაღწევად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კაია კალასი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მიესალმება საუდის არაბეთის სამეფოს ძალისხმევას, რომელიც ამ დისკუსიებს მასპინძლობს.