ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, მიმდინარე კვირის ხუთშაბათს, 10 აპრილს საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გადაუდებელ დებატებს გამართავს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, თეოდოროს რუსოპულოსმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე იმსჯელებს საქართველოზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებულ შემდგომ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირებას ეხება.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 29 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს დელეგაციის მანდატების გადახედვის და ზოგადად ქვეყანაში ვითარების შეფასების პირობებში გადაწყვიტა საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება მოახდინოს 2025 წლის აპრილამდე, თუმცა გარკვეული პირობებით. ნათქვამია რეზოლუციაში.
რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ზემოხსენებულ საკითხებზე პროგრესის შესაბამისად, ასამბლეას საშუალება ექნება ხელახლა შეაფასოს საქართველოს დელეგაციის მანდატები 2025 წლის აპრილის სესიაზე.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია სტრასბურგში დღეს გაიხსნა და 11 აპრილამდე გაგრძელდება.