„ცხადი ხდება, რომ საქართველოში ბოლო ფაზაში გადადის დიქტატურის დამყარება. არანაირი თანხები არ იმოძრავებს ივანიშვილის ნებართვის გარეშე საქართველოში, არც დასავლური და არც ქართული. მას აქვს არათუ სურვილი, არამედ მიზანი, რომ ყველაფერი არა მხოლოდ ფინანსური და ეკონომიკური კუთხით, არამედ ყველაფერი საქართველოში მხოლოდ ივანიშვილის გავლენით წყდებოდეს.ყველა ამ ცვლილების მიზანი საბოლოოდ არის ის, რომ არ არსებობდეს დამოუკიდებელი ფინანსური წყარო ქვეყანაში და აბსოლუტურად ყველაფერი კონტროლდებოდეს ივანიშვილის მიერ.როცა დიქტატურა მყარდება, კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს ეკრძალებათ ყველაფერი. ეს არის ის სცენარი, რაც ვიხილეთ ჩვენ ბელარუსში, პუტინის რუსეთში და ახლა უკვე ივანიშვილის საქართველოში.ოპოზიციას ერთადერთი გზა დარჩა აჩვენოს, რომ ქუჩის პროტესტის და ეროვნული წინააღმდეგობით ეს რეჟიმი გადატეხოს. ამ ქვეყანაში სხვა გზა აღარ არსებობს იმიტომ, რომ რაც დრო გადის, მით უფრო რეპრესიული და უფრო შემზღუდავი ხდება თავისი ე.წ. კანონებით. მიზანი არის იგივე, რაც პუტინის რუსეთში იყო- კრიტიკულად განწყობილი ადამიანების ჩახშობა”-ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.