აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლებზე წვრთნებისა და მათი მოვლისთვის 310.5 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტის მიყიდვა დაამტკიცა.თავდაცვის დეპარტამენტმა შესაბამისი საჭირო სერტიფიკატი აშშ-ის კონგრესს უკვე წარუდგინა.
„შემოთავაზებული გაყიდვა მხარს დაუჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მიზნებსა და ეროვნული უსაფრთხოების ამოცანებს პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოების გაუმჯობესების გზით. ასევე, გააძლიერებს უკრაინის უნარს, გაუმკლავდეს არსებულ და მომავალ საფრთხეებს, ეფექტური პილოტების მომზადების უზრუნველყოფითა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავსებადობის გაძლიერებით, აშშ-ის საჰაერო ძალების მიერ ყოვლისმომცველი წვრთნების გზით“, – ნათქვამია განცხადებაში.