აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, რუსეთი და უკრაინა ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესახებ წინადადებებს მოამზადებენ.
„მან [ლავროვმა] განმიმარტა, რომ ისინი მოამზადებენ დოკუმენტს, რომელშიც აღწერილი იქნება ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნები, რაც შემდეგ უფრო ფართო მოლაპარაკებებს გამოიწვევს. ამგვარად, ცხადია, უკრაინული მხარე საკუთარ წინადადებაზე იმუშავებს და, იმედია, უახლოეს მომავალში წარადგენენ.
თუ ამ წინადადებებში რეალური და რაციონალური იდეები იქნება, მაშინ ვფიქრობ, რომ პროგრესი გვექნება. მეორე მხრივ, თუ ამ წინადადებებში ისეთი მოთხოვნებია, რომლებიც, ჩვენი აზრით, არარეალურია, მაშინ სხვა შეფასება გვექნება. ამიტომ, შევეცდებით ამის გარკვევას. აქ არის კომბინაცია. ერთი მხრივ, ჩვენ ვცდილობთ მშვიდობის მიღწევას და ძალიან სისხლიანი და დამანგრეველი ომის დასრულებას, ამიტომ, საჭიროა გარკვეული მოთმინება. მეორე მხრივ, ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო. მსოფლიოში ბევრი სხვა რამ ხდება, რასაც ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ.
სენატს ვთხოვეთ, გარკვეული დრო მოეცა იმის გასარკვევად, შეგვიძლია თუ არა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევა. საკმაოდ მკაფიოდ ვურთიერთობთ რუსულ მხარესთან უკვე კვირებია. რუსულ მხარეს ვაცნობეთ, რომ ეს ძალისხმევა მიმდინარეობს, რომ ვვარაუდობდით, საბოლოოდ სენატში მას დაახლოებით 80 მხარდამჭერი ეყოლება და ჩემი წარმოდგენით, მხარდაჭერის მსგავსი პროცენტული მაჩვენებელი იქნება წარმომადგენელთა პალატაშიც. თითქმის ორი თვის განმავლობაში არაერთხელ ვაცნობეთ რუსებს, რომ ეს მოხდება, თუ პროგრესი არ იქნება მიღწეული,”-ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა,მარკო რუბიომ CNS News-თან ინტერვიუში განაცხადა.