“საზოგადოება ეძებს შანსებს, რომ ქვეყანაში რაღაც შეიცვალოს, მათ შორის კრიტიკული საზოგადოებაც. ბოიკოტი ემოციურად ყველასთვის გასაგებია, მაგრამ ადამიანები სკეპტიკურად უყურებენ იმას, რომ ბოიკოტით რაღაცის მიღწევა შეიძლება. შესაბამისად, უფრო იხრებიან იქითკენ, რომ ბოიკოტი უბრალოდ მათი აზრის საბოლოო ჩახშობას გამოიწვევს იმ ტენდენციებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაშია. მიუხედავად იმისა, რომ სკეპტიციზმი ძლიერია, ადგილობრივი არჩევნები თუნდაც მცირე თეორიულ შანსს ტოვებს, სერიოზული ბრძოლის შემთხვევაში რაღაც შეიძლება წააგო, მაგრამ ბრძოლაზე უარი არ უნდა თქვა – უნდა იბრძოლო. ჩვენ ისეთ თემებზე ვსაუბრობთ, როგორიცაა მაგალითად, რატომ წავიდნენ ბრძოლაში 300 არაგველი მიუხედავად იმისა, რომ შანსები ცოტა იყო. ასეთი არაერთი ომი გადაუტანია ამ ქვეყანას. გასაგებია, რომ გარემო უსამართლოა, მაგრამ ნაძრახ სიცოცხლეს ისევ სახელოვნად სიკვდილი ჯობია,”- ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციური პარტიების მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა.