„ქართულ საზოგადოებაზე რაიმე ფორმით ძალმომრეობა და ზეწოლა არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. ჩვენი საზოგადოება, ქართველი ხალხი არ ემორჩილება იმ ზეწოლას, რომლის განხორციელებასაც დღენიადაგ ცდილობენ. დღეს, ამ კუთხით, ბრიტანეთი აქტიურობს. ხომ ყველას ძალიან კარგად ესმის რატომ არის ეს ზეწოლა?! არ მიიღო ქართველმა ხალხმა ის გადაწყვეტილება, რომელიც გარე ძალებს 2024 წლის არჩევნებზე სურდათ, მხარი არ დაუჭირა დესტრუქციას, ხელისუფლებაში ისევ მწამებლების მოყვანას. ქართველმა ხალხმა 2024 წლის არჩევნებზე მხარი დაუჭირა მშვიდობას და ეკონომიკურ განვითარებას. სანამ უკრაინაში ომი გრძელდება კიდევ არის აქტუალური საქართველოს და ქართველი ხალხის პროქსი ძალად გამოყენების საკითხი, ამიტომაც გრძელდება ეს ზეწოლა. ამ ზეწოლას ქართველი ხალხი არ ემორჩილება და ეს ყველაფერი არის კონტრპროდუქტიული. პარტნიორული ურთიერთობისთვის და ამ ურთიერთობების გაღრმავებისთვის აუცილებელი წინაპირობა არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილების პატივისცემა და არა ის სურვილები, რომელიც „დიფ სთეითს“ ამოძრავებს,”-ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას ინფორმაციაზე, რომ „საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა მინისტრების ინიციატივით, საქართველოს გარშემო შექმნილ ვითარებაზე პარტნიორ ქვეყნებს შორის საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა“.