„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტის წევრებს, ევროკომისიის წარმომადგენლებსა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„დღეს მთელი დღის განმავლობაში გვქონდა შეხვედრები ევროკომისიაში, მათ შორის საგარეო უწყებაში, ისევე როგორც ევროპარლამენტში. მაშინ, როდესაც ივანიშვილმა საქართველოს მილიონობით მოქალაქე დააყენა უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხის წინაშე, ჩვენ ვმუშაობთ ბრიუსელში, ისევე როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებზე – ივანიშვილზე, მის გარემოცვაზე, პროპაგანდისტებზე, ფინანსურ ელიტაზე, მოძალადეებზე, მოსამართლეებზე, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ და არ დასანქცირდეს საქართველოს მოქალაქეები. ეს არის ივანიშვილის მიზანი, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სანქციები დაწესდეს ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე, იქნება ეს ფინანსური სანქციები თუ უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება მიზნობრივ ჯგუფებზე,”-ამის შესახებ ,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” თავმდჯომარემ,თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„დღეს ვართ ბრიუსელში, სადაც გვქონდა პრინციპული საუბრები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ევროპარლამენტის წევრებთან, ევროკომისიის წარმომადგენლებთან, სადაც აქტიურად ვსაუბრობთ, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი არ უნდა შეეხოს ჩვენს ოთხ მილიონ თანამოქალაქეს, რომლებიც იბრძვიან ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის. სანქციები უნდა დაუწესდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნობრივ ჯგუფებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ივანიშვილის დავალებით ადამიანის უფლებებს ყოველდღიურად არღვევენ. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხებოდა პოლიტპატიმრების საკითხს, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს და ბუნებრივია, ჩვენ ვგრძნობთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების იმ მხარდაჭერას, რომელიც ქართველი ხალხის გმირული ნაბიჯებით არის განპირობებული,”-ამის შესახებ ,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან სანიკიძემ განაცხადა.