აშშ-ის ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერება, ე.წ. შათდაუნი ოფიციალურად დაიწყო. 

აშშ-ის სენატორებმა ვერ შეძლეს კანონპროექტის მიღება, რომელიც მთავრობის მუშაობის შეჩერების, ე.წ. „შათდაუნის“ თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს სენატმა ხმათა უმრავლესობით უარყო ჯერ დემოკრატების კანონპროექტი, რომელიც ფედერალური მთავრობის დაფინანსების გაგრძელებას ითვალისწინებდა, შემდეგ კი ვერც რესპუბლიკელების კანონპროექტის მიღება შეძლო. უთანხმოების მთავარი მიზეზი იყო ჯანდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები. დემოკრატები ეწინააღმდეგებიან რესპუბლიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას, რომელიც ამ ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს.

„შათდაუნმა“ შესაძლოა დროებით შეაჩეროს აშშ-ის მთავრობის ზოგიერთი – მაგრამ არა ყველა – სერვისი. როგორც წესი, სიცოცხლისა და ქონების დასაცავად კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციები აუცილებლად ითვლება და ღია რჩება.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა CNN-ს განუცხადა, რომ მთავრობის მუშაობის შეჩერება „გარდაუვალია“.

„ვფიქრობ, რომ ეს ახლა გარდაუვალია“, – განაცხადა მან და სენატის უმცირესობის ლიდერი, ჩაკ შუმერი დაადანაშაულა იმაში, რომ „დემოკრატებმა“ „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ შეთავაზებული დაფინანსების წინადადებას მხარი არ დაუჭირეს.

„ასე რომ, ერთადერთი კითხვა ის არის, რამდენ ხანს შეინარჩუნებს ჩაკ შუმერი მთავრობას დახურულს. ეს სახიფათო ნაბიჯია”, – აღნიშნა ჯონსონმა.

წინა „შათდაუნი“ 2018 წელს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში გამოცხადდა და 30 დღეზე მეტხანს გაგრძელდა.