„ევროკავშირის ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რასაც ჩვენ ვამბობდით პირველი დღიდან, რომ ერთადერთი და სწორი გამოსავალი იყო ე.წ არჩევნების ბოიკოტი და პროტესტი, არანაირი არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობდა, რომ იყო გაყალბებული და რომ 4 ოქტომბერს იყო მხოლოდ რუსული სპეცოპერაცია არჩევნების სახით, რომელსაც არ აკვირდებოდა არცერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ამიტომაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ეს გამოხმაურება არის აბსოლუტურად ლოგიკური, 4 ოქტომბრამდე მათ არაერთი განცხადება გაუკეთებიათ, რომ დიქტატორულ პირობებში არ არსებობს არანაირი არჩევნები და ახლაც ეს არჩევნები ყველანაირი დემოკრატიული ნორმის გარეშე ჩატარდა. ეს უნდა იყოს გაკვეთილი, მათ შორის იმ ორი ოპოზიციური პარტიისთვის, რომლებმაც მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, რომ შეცდომას უშვებდნენ ამ არჩევნებში შესვლით, რეალურად ამ გაკვეთილისგან ისწავლონ, რომ ის შედეგები, რაც დაუწერა „ოცნებამ” ბევრ რამეზე მეტყველებს ამ პროცესში. რეჟიმის დამარცხების ერთადერთი გზა არის ართანამშრომლობა, ბოიკოტი და წინააღმდეგობა,”-ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა,რითაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის, მარტა კოსის ერთობლივ განცხადებას გამოხმაურა.