„ჯო უილსონი ერთი ჩვეულებრივი კომიკური კოშმარია საქართველოს რეალობაში. ადამიანი, რომელიც ჩართულია ყველანაირ აქტივობაში, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, თურმე ღამე ეღვიძება და არ აძინებს ხოლმე ჩემი ქართველები ხომ კარგად არიანო. ეს არის ერთი ჩვეულებრივი კომიკური, კოშმარად გადაქცეული ადამიანი,”-ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებას გამოეხმაურა.
არჩილ გორდულაძემ ასევე სენატორების, ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაზეც ისაუბრა.
„ჯიმი და შაჰინი საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ზიზღით გამოირჩევიან. განსაკუთრებულად ეზიზღებათ ქართველი ხალხი. ისინი ერთი ჩვეულებრივი “დიფ სთეითის” წარმომადგენლები არიან როგორც აშშ-ში, ასევე ცდილობენ რომ “დიფ სთეითის” გავლენები როგორმე სხვა ქვეყნებში გაზარდონ. განსაკუთრებული აგრესია აქვთ ჩვენი ქვეყნის მიმართულებით. შესაბამისად, მათ მიერ ნათქვამ არცერთ სიტყვას არ აქვს არანაირი ფასი, არც ქართველი საზოგადოებისთვის და არც „ქართული ოცნების” რომელიმე წევრისთვის. მათი განცხადებები მიზანმიმართულია ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად. ზუსტად ეს არის „დიფ სთეითის” სურვილი, რომ როგორმე ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში აგენტურა მოვიდეს, რომელიც ყველა იმ დავალებას, რომელსაც „დიფ სთეითი” გასცემს, მონურად შეასრულებს, რაც 2003-2012 წლებში გაუკეთებიათ კიდეც.
წარმოუდგენელია, რომ ჯიმს და შაჰინს პრეზიდენტ ტრამპზე რაიმე გავლენა ჰქონდეს. წესით, მისი განცხადებებიდან გამომდინარე, მის ადმინისტრაციაზე „დიფ სთეითს” არანაირი გავლენა არ უნდა ჰქონდეს,”-განაცხადა გორდულაძემ.