„მინდა ყველას მოგილოცოთ წარმატებით ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მთლიანად ქვეყანას მივულოცო. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ციკლი ამით დასრულდა. შარშან პარლამენტის არჩევნებით, შემდეგ პრეზიდენტის არჩევით და წელს უკვე 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებით, ყველა არჩევითი კონსტიტუციური ორგანოები დაკომპლექტებულია და არის შესაძლებლობა, რომ შემდეგი 3 წელი ქვეყანა სრულად იყოს კონცენტრირებული იმ განვითარების გეგმებზე, რომელიც როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას, წარდგენილი იყო გამარჯვებული გუნდის მიერ.

ასევე მინდა გამოვეხმაურო 4 ოქტომბერს არჩევნების პარალელურად წინასწარ დაანონსებულ დამხობის შეკრებას. ჩვენ ვაფრთხილებდით ამასთან დაკავშირებით და ვნახეთ, რომ აღსრულდა კიდეც ის, რაც წინასწარ იყო დაანონსებული, გაისმა მოწოდებები ხელისუფლების დამხობისკენ და ა.შ. პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, ფაქტობრივად, ლამის 90-იანი წლების კადრები გაგვახსენა ამ ყველაფერმა, რასაც ჩვენ ვხედავდით მიტინგზე. ეს დამაფიქრებელია ვფიქრობ ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენ საზოგადოებაში არის რამდენიმე ასეული თუ რამდენიმე ათასი ადამიანი, რომლებიც იქ იმ დღეს წინასწარ განზრახვით შეიკრიბა, იმისთვის რომ ქვეყანა აერია და ამას საზოგადოების ეს წევრები აბსოლუტურად გააზრებულად აკეთებდნენ. დამხობა დაანონსდა, დამხობა დაიწყო, თუმცა დამხობა მალევე ჩაიშალა,”-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.