დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ბუდაპეშტში შეხვედრაზე შეთანხმდნენ. სანქციების გათვალისწინებით გაურკვეველია თუ როგორ შეძლებს რუსეთის პრეზიდენტი უნგრეთის დედაქალაქში შესვლას. შეგახსენებთ, რომ საკითხთან დაკავშირებით ევროკომისიის წარმომადგენლობამ უკვე განაცხადა, რომ თითოეული ქვეყანა თავად გადაწყვეტს, დაუშვებს თუ არა რუსეთის სამთავრობო თვითმფრინავს საკუთარ საზღვრებში.
უცნობია, ზუსტად როგორი იქნება ვლადიმერ პუტინის მარშრუტი. თეორიულად, ის ბუდაპეშტში შეიძლება მოხვდეს რუმინეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის, ალბანეთის, მონტენეგროს ან ჩრდილოეთ მაკედონიის საჰაერო სივრცის გავლით.
შეგახსენებთ ევროკომისიის წარმომადგენელმა ოლოფ გილმა უკვე განაცხადა, რომ ცალკეულ ქვეყნებს შეუძლიათ რუსეთის პრეზიდენტს მათ საჰაერო სივრცეში ფრენის უფლება მისცენ.
„ჩვენ რეალურ სამყაროში ვცხოვრობთ“, – აღნიშნა მან. „შეხვედრები ყოველთვის არ იმართება იმ თანმიმდევრობითა და ფორმატით, რომელიც ჩვენ გვსურს, მაგრამ თუ ისინი უკრაინაში სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობასთან დაგვაახლოებს, მაშინ მათ მივესალმებით“.
რაც შეეხება იმ მარშრუტებს რომლებითაც რუსი ოფიციალური პირები სარგებლობდნენ ევროპაში მოსახვედრად:
სერგეი ლავროვი – ფრენები მალტასა და ჩრდილოეთ მაკედონიაში
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვზე ევროკავშირის სანქციები ვრცელდება 2022 წლის 25 თებერვლიდან. თუმცა, ევროპის ქვეყნებში ვიზიტის აკრძალვა არც მასზე ვრცელდება და არც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე. ეს იმით აიხსნება, რომ კონსტიტუციის თანახმად ლავროვი და პუტინი, რუსეთის ფედერაციის ოფიციალური წარმომადგენლებად არიან და გაეროს არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლებამოსილება ხელი შეუშალოს სხვა ქვეყანას ვალდებულებების შესრულებაში ორგანიზაციაში წევრობიდან გამომდინარე.
მიუხედევად ამისა გაეროს ყველა ქვეყანა არ არის მზად, რუსეთის მთავრობის თვითმფრინავებს მათ საჰაერო სივრცეში შესვლის უფლება მისცეს.
მაგალითად, 2022 წლის ივნისში ლავროვი იძულებული გახდა გაეუქმებინა ბელგრადში ორდღიანი ვიზიტი, როდესაც სერბეთის მეზობლებმა – მონტენეგრომ, ბულგარეთმა და ჩრდილოეთ მაკედონიამ – უარი თქვეს მისი თვითმფრინავის მათ საჰაერო სივრცეში გავლის ნებართვაზე.
მას შემდეგ ლავროვი ევროკავშირს მხოლოდ ერთხელ ეწვია: 2024 წლის დეკემბერში ის მალტის დედაქალაქ ვალეტაში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრას დაესწრო.
შედარებით რთული იყო ლავროვის მარშრუტი ეუთოს სამიტზე 2023 წლის ნოემბერში. მაშინ ღონისძიება ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გაიმართა. ომამდე სანქტ-პეტერბურგიდან სკოპიემდე მარშრუტი ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის ლიეტუვასა და პოლონეთზე გადიოდა. იმის მოლოდინი, რომ ეს ქვეყნები საკუთარ საზღვრებში რუსული რეისის გავლაზე დათანხმდებოდნენ, არარეალური იყო.
ალტერნატიული მარშრუტებიც ევროკავშირის გავლით გადიოდა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ბულგარეთი დათანხმდა ლავროვის თვითმფრინავის მის სააერო სივრცეში გავლას, თუმცა შემდეგ უარი განაცხადა, რადგან ბორტზე მარია ზახაროვაც იმყოფებოდა. საბოლოო ჯამში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი საბერძნეთის გავლით გაფრინდა.
ვალენტინა მატვიენკო: ფრენა შვეიცარიაში – სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ
ფედერაციის საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო ევროპაში 27 ივლისს გაფრინდა. ის ჟენევაში პარლამენტის ქალი სპიკერების სამიტზე დასასწრებად გამეგზავრა და 30 ივლისს უკან დაბრუნდა.
შეგახსენებთ შვეიცარია ევროკავშირის წევრი არ არის, მაგრამ ქვეყანა ნაწილობრივ შეუერთდა ევროპულ სანქციებს. მატვიენკო, კი ისევე როგორც მისი თანმხლები დელეგაციის ზოგიერთი წევრი, ამ სანქციების ქვეშაა. მოგვიანებით შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ქვეყნის მთავრობას შეეძლო გამონაკლისების დაშვება შესვლის აკრძალვაზე, კერძოდ, ჰუმანიტარული, სამედიცინო ან დიპლომატიური მიზნებით მოგზაურობისთვის.
ბლუმბერგის“ ცნობით, მატვიენკოს მგზავრობისას ჟენევაში ჩასასვლელად შვეიცარიამ იტალიისა და საფრანგეთის ხელისუფლებებისგან ნებართვა მოითხოვა. გამოცემის ცნობით, რომი პარიზთან კონსულტაციების შემდეგ დათანხმდა. შედეგად, სამთავრობო თვითმფრინავმა შვეიცარიისკენ გზად იტალია გაიარა, ხოლო უკან დაბრუნებისას საფრანგეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთა.
ოლგა ლიუბიმოვა: ფრენა იტალიაში
2025 წლის 25 და 26 აპრილს, რეისი RA-96014 რომის მიმართულებით და უკან მიზეზი – პაპ ფრანცისკეს დაკრძალვა იტალიის დედაქალაქში.
რომში ფრენისთვის იტალიის გარდა ევროკავშირის არცერთი ქვეყნის ნებართვა არ იყო საჭირო.
17 მაისს, იგივე რეისი ვნუკოვოს აეროპორტიდან რომისკენ გაემართა: ოლგა ლიუბიმოვა რუსეთს რომის პაპ ლეო XIV-ის ინაუგურაციის წირვას უნდა დასწრებოდა. თუმცა, Flightradar24-ის მონაცემებით, თვითმფრინავი ხმელთაშუა ზღვაში, ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიასთან ახლოს, შებრუნდა და მოსკოვში დაბრუნდა.
რუსეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლობამ მაშინ განაცხადა, რომ ლიუბიმოვა ცერემონიაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა „საჰაერო მარშრუტის შეუსაბამობასთან დაკავშირებული ტექნიკური მიზეზების გამო“.