“ უკრაინას არასდროს სურდა ომი, ჩვენ დავთანხმდით უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, ომი გრძელდება მხოლოდ იმიტომ, რომ მოსკოვს არ სურს მისი დასრულება,”  – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.    მისი  თქმით, მხოლოდ მიმდინარე კვირაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 3 270 დრონი, 1370 ბომბი და 50 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა. 

„თითქმის ყოველდღე, რუსი ტერორისტები ასობით თავდასხმას ახორციელებენ ჩვენს კრიტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ჩვენ მუდმივად ვაძლიერებთ ჩვენს თავდაცვას და ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად: PURL ინიციატივა, ინვესტიციები უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში, ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატები. პუტინის შეჩერება სიტყვებით არ შეიძლება – ზეწოლაა საჭირო. მსოფლიო ხედავს, რომ რუსეთი რეაგირებს ძალაზე, რაც ნიშნავს, რომ მშვიდობამ ძალის მეშვეობით შეიძლება იმუშაოს. გადამწყვეტი ნაბიჯებია საჭირო შეერთებული შტატების, ევროპის, G20-ისა და G7-ის წევრი ქვეყნების მხრიდან. სიცოცხლეები უნდა იყოს დაცული. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ ძალისხმევაში გვეხმარება“, – წერს ზელენსკი.