კვირას პარიზის ლუვრის მუზეუმიდან მოპარულ ძვირფას არტეფაქტებს შორისაა ზურმუხტისფერი ყელსაბამი, რომელიც ნაპოლეონის მეორე ცოლისადმი საჩუქარია, სამკაული 1000-ზე მეტ ბრილიანტთან და სხვა „ფასდაუდებელი“ ღირებულების საგანძურთან ერთად იყო მოთავსებული.
მძარცველებს სულ შვიდი წუთი დასჭირდათ მუზეუმიდან ნაპოლეონ ბონაპარტის კუთვნილი სამკაულებისა და სხვა ძვირფასი ნივთების მოსაპარად. ეს იყო ყველაზე მასშტაბური ძარცვა მუზეუმში 1911 წლის შემდეგ, როდესაც ლეონარდო და ვინჩის შედევრი, მონა ლიზა, მოიპარეს.
პროკურატურამ გამოძიება „ორგანიზებული ქურდობისა და დანაშაულის ჩადენის მიზნით კრიმინალური შეთქმულების“ ფაქტზე დაიწყო, კულტურული ქონების უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ მებრძოლი საგამოძიებო სამსახურის მხარდაჭერით.
„მიყენებული ზიანი ამჟამად ფასდება“, – იტყობინება პროკურატურა. „გამოძიება გრძელდება“. სააგენტოს ბოლო ინფორმაციით, ადგილზე ოთხი მძარცველი იმყოფებოდა რომელთაც სახეები დაფარული ჰქონდათ. შემთხვევის ადგილიდან ისინი სკუტერებით გაიქცნენ.
‘’TF1’’-თან ინტერვიუში საფრანგეთის კულტურის მინისტრმა რაშიდა დატიმ განაცხადა, რომ მოპარული ნივთებიდან ერთ-ერთი მუზეუმის მახლობლად იპოვეს, როგორც ჩანს, ის მძარცველებმა დატოვეს.
რამდენიმე ფრანგული მედიასაშუალება იუწყება, რომ ეს მე-19 საუკუნის გვირგვინია, რომელიც საფრანგეთის მმართველი ნაპოლეონ III-ის მეუღლეს ეკუთვნოდა, არტეფაქტი დაზიანებულია.