„მოგიწოდებთ, დააკვირდეთ, ვისი დაკავება ხდება პოლიციიდან, ესენი არიან ზუსტად საგამზირედ განწირული მსხვერპლები, მათი ორგანიზატორების მხრიდან. ადგილობრივი ორგანიზატორები დგანან ტროტუარზე, ნაბიჯს არ დგამენ რუსთაველის გამზირზე, უცხოელი ორგანიზატორები კი ტრიბუნიდან საუბრობენ და მათ აქეზებენ ხოლმე. საბოლოო ჯამში,ზუსტად ასეთი ადამიანები, სუსტები, მოწყვლადები, ემოციურად ამყოლებს სწირავენ იმისთვის, რომ შეეწინააღმდეგონ, დაარღვიონ კანონი და შემდეგ ისინი მსხვერპლად წარმოაჩინონ. ამიტომ ამ ადამიანებს მივმართავ განსაკუთრებით, ვინც ასე ცივსისხლიანად გაწირული ჰყავს ამ ანტიქართული კამპანიის ორგანიზატორებს ქვეყნის გარედან და შიგნიდან, ვიზუალურად ჩანდა მაგალითი, ნონო ლომჯარიამ, როდესაც პირველ დღეს გამზირი ვერ გადაიკეტა, სოციალურ ქსელში ატეხა პანიკა, „მოდით ყველა, გადაკეტეთ“, თვითონ ფეხი არ გადადგა რუსთაველის გამზირზე, ტროტუარიდან აკვირდებოდა როგორ არღვევდა ხალხი კანონს, კანონის დარღვევისთვის კი, რა თქმა უნდა, მიიღებდნენ შესაბამის რეაგირებას. ასე რომ სინამდვილეში, ეს ადამიანები არიან მსხვერპლი, რომელიც გარედან იგეგმება და რომელსაც აქეზებენ, რომლის ერთ-ერთი მონაწილე იყო ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც გამოვიდა და საკუთარი მაგალითით აჩვენა, რომ კანონის დარღვევა მისაღებია.
ეს აჩვენებს ზუსტად იმას, რომ არის მცდელობა, მარგინალიზებულმა, დამარცხებულმა, შერცხვენილმა უმცირესობამ, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა საკუთარი ისტერია თავს მოახვიოს მთლიან ქალაქს. ამას აქვს ერთი დატვირთვა, თუ დააკვირდებოდით, ეს არის დადგმული კადრები, მსახიობობა იმისთვის, რომ ვიზუალი შეიქმნას. თუ გადახედავდით, X-ის და სხვა ინგლისურენოვან სოცმედიას, ნახავდით, რომ ამ კადრებს ქმნიან იმისთვის, რომ შემდეგ ატეხონ ისტერია, თუმცა დღეს ისინი ჩავარდნილი არიან იმ მწყემსის როლში, რომელმაც ტყუილად იმდენჯერ იყვირა „მგელი, მგელიო“, რომ არავინ დაუჯერა. მათ არავინ დაუჯერებს, ვინც კი რეალურად აანალიზებს საქართველოს მდგომარეობას.
ჩვენ ვნახეთ, ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც პოლიციის მანქანაზე აძვრა, ასევე ტაქსის მძღოლს უძვრებოდა, რამდენადაც ვნახე ვიდეოში. გუშინ ითქვა, რომ ის სისხლის სამართლის წესით იქნა დაკავებული. ამ ქცევისთვის ამ ადამიანს 2-დან 4 წლამდე [თავისუფლების აღკვეთა] ემუქრება. ეს ადამიანი დღეს, არის პირადი პატიმარი გუშინ ევროპარლამენტში იმ სამარცხვინო სპექტაკლის, რაც ჩვენ ვიხილეთ. როდესაც მოძალადეებს აგმირებ, შემდეგ იღებენ ახალ მოძალადეებს. როგორც ლაზარე გრიგორიადის გააგმირეს და ერთი „მოლოტოვის კოქტეილის“ ნაცვლად შემდეგ მივიღეთ ათი, აი, ზუსტად ეს მოხდა გუშინ, იმის გამო, რომ მოძალადეები გააგმირეს. ასე რომ ეს ქალბატონი არის პირადი პატიმარი და ზუსტად იმათი დამსახურებაა, რომ დანაშაულისკენ წააქეზეს და დანაშაული ჩაადენინეს. შემდეგ გამოვლენ ტრიბუნებზე თბილად, პანელ-დისკუსიებს ჩაატარებენ, ალბათ ამ ქალბატონის სურათს სადმე აჩვენებენ, აიღებენ გრანტებს, დალევენ ყავას, ექნებათ სალონური საუბარი,”-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.