„არაფერი გვითამაშია, რა დამოკიდებულებაც გვქონდა გიორგი გახარიასა და მისი გუნდის მიმართ წინა მოწვევის პარლამენტში, ამის შემდეგ რამე თუ გაუარესდა, თორემ გაუმჯობესებისკენ, რა თქმა უნდა, არაფერი არ წავიდოდა. ამის შემდეგ იყო ზუსტად არჩევნების არაღიარება, ბოიკოტი, პარლამენტში ნახევარი ფეხით შემოსვლა. ასე, რომ ახლა არ უნდა ელოდონ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ისე მოიქცევა, თითქოს არაფერი არ მომხდარა. ამიტომ, ჩვენ ჩვენი შეფასებები გვექნება. ერთადერთი, რასაც მათ ვურჩევ, ისედაც თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს პარლამენტში ნახევრად შემოსვლა-არ შემოსვლებით და ახლა შემოსვლებით, უარესად სასაცილო მდგომარეობაში ნუ ჩაიგდებენ ისეთი განცხადებებით, რომ „პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, მაინც შევდივარ და ჩემი 8% არის ლეგიტიმური“.

სისულელეს მიღმა მყოფი სასაცილო განცხადებებია იმიტომ, რომ ამაზე ვხედავთ საზოგადოებისგანაც კი რა რეაქციაა. დასცინიან მათ ასეთი განცხადებების გამო. ნახევრად ფეხმძიმობა არ არსებობს. ან არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, ან არ არიან. თუ მათი გადაწყვეტილებაა, რომ იმუშაონ საქართველოს პარლამენტში, ქართველი ხალხის პარლამენტში, ნება იბოძონ და პატივი სცენ ქართველ ხალხს. ყველას, არა მარტო თავის ამომრჩეველს, არამედ ყველას. ნუ შეეცდებიან სასაცილო განცხადებების გაკეთებას.

გუშინ, რუსთავში მერობის კანდიდატი გახარიას პარტიიდან, საუბრობდა რაღაც ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობაზე. რუსთავში, მან პირადად, 2 500 ხმა აიღო და ჩვენ, მილიონ 107 ათასი ხმა მივიღეთ [ქვეყნის მასშტაბით]. 2 500 ხმის პატრონი, მილიონ 107 ათასი მხარდამჭერის მქონე პარტიას გველაპარაკება ლეგიტიმაცია-არა ლეგიტიმაციაზე. ამით იხდიან თავს სასაცილოდ. თუ უნდათ, რომ დასცინონ, კი ბატონო, გააგრძელონ ეს ხაზი. თუ უნდათ, რომ არ დასცინონ და მხოლოდ პოლიტიკური კრიტიკა იყოს, მაშინ ჯობია, რომ ამ სასაცილო ხაზს შეეშვან,”-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა,რითაც პარტიის ,,გახარია საქართველოსთვის” პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.