„ვეხმიანებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს, სადაც „ქართული ოცნება“ მოქალაქეებს შეკრება-მანიფესტაციებში მონაწილეობის გამო აკავებს. რეპრესიული ცვლილებების მიღებიდან, ანუ 17 ოქტომბრიდან, დღემდე 70-ამდე დემონსტრანტი დააკავეს. მათ უმრავლესობას უკვე შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა. გუშინ აქციაზე 29 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ხოლო ერთი პირი – სისხლის სამართლის წესით. ადმინისტრაციული წესით აღნიშნული პირების დაკავება ბოლო დღეებში მიღებული რეპრესიული კანონებით მოხდა.
როგორც ცნობილია, გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული „ქართული ოცნების“ პარლამენტმა რამდენჯერმე შეიტანა ცვლილებები შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ცვლილებებს მკაცრი კრიტიკა მოჰყვა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ვენეციის კომისიის მხრიდან, რამდენიმე დღის წინ „ქართულმა ოცნებამ“ კანონი კიდევ უფრო გაამკაცრა და დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები, რითაც, აქციის მონაწილეები სისხლის სამართლის დევნის ობიექტები გახდნენ. მაგალითად, პირბადის ტარება, ტრანსპორტისთვის დაბრკოლების შექმნა პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობით ისჯება, ხოლო განმეორების შემთხვევაში ერთი და ორ წლიანი პატიმრობით.
ცალსახაა, რომ ამ კანონის ცვლილებების მთავარი მიზნებია: გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობის შეზღუდვა და ფაქტობრივად, მოსპობაც კი; მოქალაქეების დაშინება და იძულება, თავი შეიკავონ პროტესტში მონაწილეობისგან; თვითცენზურის დონის გაზრდა კრიტიკული აზრის მქონე მოქალაქეებში; აქციების ორგანიზატორების და მონაწილეების სისხლის სამართლის დევნის ობიექტებად გადაქცევა; ნებისმიერი პროტესტის კრიმინალიზება.
პროცესებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ აღნიშნული კანონების აღსრულება და დემონსტრანტების დაკავებები ხდება ამორჩევით. განსაკუთრებული სამიზნეები არიან საზოგადოებისთვის ცნობადი პირები, აქტივისტები და ჟურნალისტები. სავარაუდოდ, მათ დემონსტრაციულად და ძალის გამოყენებით დაკავებას საზოგადოებაში აქციაში მონაწილეობის შიშის და ტერორის გავრცელების მიზანი აქვს.
გუშინდელი აქციის დროს ცალსახად გამოიკვეთა, რომ აკავებენ ტროტუარზე მდგომ მშვიდობიან მოქალაქეებსაც კი, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ახალი რეპრესიული კანონითაც კი არ არის აკრძალული.
დაკავებების ნაწილს წინ უსწრებდა, წინა დღეებში, მოქალაქეთა ჩხრეკა რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე და მათგან ამოღებული პირბადეების ნივთმტკიცებად დალუქვა.
რაც შეეხებათ ვიდეო სამეთვალყურეო კამერების მეშვეობით შერჩეულ დემონსტრანტებს, მათ ხშირად გამოკითხვაზე გადაყვანის მოტივით ან/და ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე აკავებენ და გადაჰყავთ ან სასამართლოში, ან დროებითი მოთავსების იზოლატორში. დაკავებიდან სასამართლოში ან/და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანამდე, შსს ინფორმაციას პირის ადგილსამყოფლის შესახებ ადვოკატებს და ოჯახის წევრებს არ აწვდის.
უმეტესად, ადვოკატებს არ აქვთ შესაძლებლობა სასამართლო განხილვამდე დაცვის ქვეშ მყოფ პირს შეხვდნენ. საქმის განხილვა სასამართლოში დაჩქარებულად ინიშნება, რომელსაც უმეტესად ფორმალური ხასიათი აქვს. დაკავებულებს საქმის მასალებს პირდაპირ სასამართლო პროცესზე აცნობენ. ადვოკატებს არ ეძლევათ საშუალება მოიძიონ მტკიცებულებები, წარადგინონ მოწმეები, სათანადოდ მოამზადონ საქმეზე დაცვის სტრატეგია და შეათანხმონ დაკავებულთან.
პოლიციელების მიერ პირბადიანი ადამიანების დევნამ აბსურდული ფორმაც მიიღო. იყო შემთხვევები, როდესაც პოლიციელებმა გააჩერეს მოქალაქეები, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო ეკეთათ პირბადე.
დაკავებულებს შორის არიან ხანდაზმული პირები, არასრულწლოვანი ბავშვების დედები, ჟურნალისტები, მწერლები, მსახიობები, ექიმები და სამოქალაქო აქტივისტები.
განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ყველა ამ საქმეს განიხილავენ მოსამართლეები, რომლებიც უკვე დასანქცირებულნი არიან ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მიერ. ამ მოსამართლეებს შორის არიან: ზვიად ცეკვავა, მანუჩარ ცაცუა, ნინო ენუქიძე და კობა ჩაგუნავა.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ როგორც ამ არადემოკრატიული კანონების, ასევე, მათი აღსრულების ფორმის ერთადერთი მიზეზი არის ხელისუფლების შიში საქართველოში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მიმართ.
დაკავებულები ისჯებიან მხოლოდ ერთი მიზეზით – საქართველოს სიყვარულისა და თავისუფლებისადმი ერთგულებისთვის,”-ამის შესახებ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცადებაშია აღნიშნული.