„ძლიერი საქართველო-ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომ სარჩელით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართავს, რადგან თვლის, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა „ოცნების“ რეჟიმის მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია და აღნიშნული რეპრესიული ცვლილებების მიღება ქვეყანაში მნიშვნელოვან დემოკრატიულ რღვევას იწვევს, რაც დიქტატურას ამყარებს. „ძლიერი საქართველო-ლელოს“ განცხადებით, სრულიად აბსურდული და ანტიკონსტიტუციურია კანონის ის მოთხოვნა, რომელიც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობის შეზღუდვას ისახავს მიზნად, რადგან ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის რამდენიმე ნორმას, მათ შორის 23-ე, 25-ე, 31-ე და მე-60 მუხლებს და საერთაშორისო ნორმებს.
გარდა ამისა, პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის აკრძალვა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლს, ისევე, როგორც გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლს, აგრეთვე ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის 7.6 პარაგრაფს, რომლის მიხედვითაც ეუთოს წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, დაიცვან ინდივიდების უფლება – თავისუფლად შექმნან პოლიტიკური პარტიები და განახორციელონ პარტიული საქმიანობა,”-ამის შესახებ აღნიშნულია პარტიის ,,ძლიერი საქართველო-ლელოს” პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.