„საპასუხო ნაბიჯების მომზადებაში, ალბათ, მეც მივიღებ მონაწილეობას. დანარჩენი სასამართლოში გაირკვევა. ჩვენ ეს მიდგომა არაკონსტიტუციურად რომ მიგვაჩნდეს, ასეთი ფორმით არ მივიღებდით. თუმცა პარლამენტს მიუღია კანონები, რომელიც არაკონსტიტუციურად ყოფილა ცნობილი – ამაში ტრაგიკული არაფერი არ არის.

რაც შეეხება პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობას, ეს სარჩელი არ და ვერ შევა, რადგან რა ფორმით ხდება ეს თავად კონსტიტუციაშია აღწერილი. ანუ, სადავო არ არის, რომ პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა შესაძლებელია. აქ საუბარია ყველა კონკრეტულ პირზე, რომელიც ახალი კანონით განისაზღვრა. პარტია არის კონკრეტული ადამიანების მიერ შექმნილი ორგანიზაცია. თუ პარტიამ რაიმე არაკონსტიტუციური ჩაიდინა, ნიშნავს, რომ იმ ადამიანმა და ხელმძღვანელებმა ჩაიდინეს ეს ყველაფერი. პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობაზე ლაპარაკიც ზედმეტია და დავა ვერ გაიმართება. რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომელიც პიროვნებებს შეეხება, იმაზე დავა შეუძლიათ.

უმრავლესობის სხდომა დღეს 18:00-საათზე გაიმართება. კიდევ ერთხელ გავივლით ამ სარჩელის თაობაზე ჩვენს მოსაზრებებს. თუ ჩავთვლით, რომ ის იმდენად სრულყოფილია, რომ შევიტანოთ – შევიტანთ, თუ უმრავლესობის მიერ ჩაითვლება რომ კიდევ რაღაცებია დასაზუსტებელი, ეს ის შემთხვევა არ არის, რომ 4-5 დღე ან ერთი კვირა რაიმეს გადაწყვეტს. არავის არ სჭირდება პოლიტიკური ნარატივების დოკუმენტი, როცა სამართალთან გვაქვს საქმე. როგორც პოლიტიკური ნარატივების დოკუმენტი არ არის ის დასკვნა და ყველა მითითებული ფაქტი მტკიცებულებით არის დამტკიცებული, ასევე უნდა იყოს ეს სარჩელი. იმის გამო, რომ სასწრაფოდ რაღაც გვაქვს გასაკეთებელი, სამართლებრივი მხარე არ უნდა დაზიანდეს. მიტინგზე არ მივდივართ, მივდივართ სასამართლოში. თავს „ნაციონალებივით“ არ ჩავიგდებთ – წავლენ ასეთი ნარატივებით სტრასბურგში – წააგებენ. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, მივალთ სამართლებრივად, გამართული დოკუმენტით,”-ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.