„4 ოქტომბრის არჩევნებზე 12 პოლიტიკური გაერთიანება და შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატები იღებდნენ მონაწილეობას, რაც თავის მხრივ მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი. რაც შეეხება პარტიების აკრძალვის საკითხს, საარჩევნო ადმინისტრაცია არც ინიციატორი არის ამ საკითხის, ისევე როგორც არც განმხილველი და შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღები. აქედან გამომდინარე, არარელევანტურია კითხვა ცესკო-სთან მიმართებით. არც პარტიების რეგისტრაციის საკითხი, არც მათი გაუქმების საკითხი არ წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხს. ამას განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო. ამ შემთხვევაში, ინიციატორი გახლავთ საქართველოს პარლამენტი. შესაბამისად, მის მიღმა ვინ იქნება და ვინ არა და წინასწარ იმის შეფასება ვინ აიკრძალება, ვინ არა, ბუნებრივია, მოვლენების გადასწრებაა. აქედან გამომდინარე, ამის შეფასება წარმოადგენს პოლიტიკურ საკითხს.

ჩვენ დავარეგისტრირებთ არჩევნებში ყველა იმ პარტიას, რომელიც დააკმაყოფილებს კანონმდებლობას და უზრუნველვყოფთ იმ გარემოს, რომელიც ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას თანაბარ პირობებში ჩააყენებს, რაც 4 ოქტომბრის, ასევე 26 ოქტომბრის არჩევნებზე სრულად იყო უზრუნველყოფილი. ასევე, სრულად იქნება მომავალშიც უზრუნველყოფილი.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ამის თაობაზე [პარტიების აკრძალვაზე] ჩვენი მოსაზრება, მაგრამ თუ პარტია არის ასაკრძალი, ე.ი. ის არის ასაკრძალი, თუ არადა ამას გადაწყვეტს საკონსტიტუციო სასამართლო და არა ცენტრალური საარჩევნო კომისია. თუ პარტია არის ასაკრძალი, ე.ი. მან ისეთი ქმედება განახორციელა, რომელმაც განაპირობა ასეთი ქმედება. ამიტომ შეგიძლიათ ეს საკითხები შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან გაიაროთ. შეგიძლიათ ასევე, სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკაც ნახოთ იმის თაობაზე სად რა აიკრძალა და რა არა,”-ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა,რითაც პარტიების აკრძალვის შესახებ დეპუტატთა ჯგუფის საკონსტიტუციო სარჩელს გამოეხმაურა.