4 ნოემბერს ნიუ-იორკის მერის არჩევნები იმართება. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ზოჰრან მამდანი კვლავ ფავორიტად რჩება. მისი მთავარი მეტოქეები არიან ნიუ-იორკის ყოფილი გუბერნატორი ენდრიუ კუომო, რომელიც დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს, და რესპუბლიკელი კურტის სლივა.
მამდანის გამარჯვების შემთხვევაში, ის ნიუ-იორკის ისტორიაში პირველი მუსლიმი და სამხრეთ აზიელი მერი გახდება. გამოკითხვების თანახმად, ის ამჟამად ხმების დაახლოებით 40%-ს იღებს.
კანდიდატები და მათი პოზიციები
ენდრიუ კუომო, 67 წლის ყოფილი გუბერნატორი, რომელმაც თანამდებობა სექსუალური შევიწროების ბრალდებების გამო დატოვა (ბრალდებებს უარყოფს), მეორე ადგილზეა 34%-ით.
კუომო დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს მას შემდეგ, რაც დემოკრატიული პარტიის პრაიმერში მამდანისთან წააგო.
კურტის სლივა, 71 წლის რესპუბლიკელი, ცნობილია როგორც მოხალისეობრივი პატრულის დამფუძნებელი, რომელიც დანაშაულის წინააღმდეგ იბრძოდა. ის გამოკითხვებში მესამე ადგილს იკავებს 24%-ით.
ამჟამინდელმა მერმა ერიკ ადამსმა რბოლა დატოვა და კანდიდატურა მოხსნა.
დემოკრატიული მხარდაჭერა და პოლიტიკური მესიჯები
მამდანის კამპანიას მხარი დაუჭირეს დემოკრატიული პარტიის გავლენიანმა ფიგურებმა:
-
წარმომადგენელთა პალატის ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრისმა,
-
ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა,
-
ნიუ-იორკის გუბერნატორმა კეტი ჰოჩულმა.
New York Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შაბათს მამდანისა და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტს ბარაკ ობამას შორის ნახევარსაათიანი სატელეფონო საუბარი გაიმართა. წყაროების ცნობით მათ განიხილეს ახალი ადმინისტრაციის ფორმირების საკითხები და საცხოვრებელი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა ქალაქში.
აღსანიშნავია, რომ ობამამ საჯაროდ არ გამოუცხადა მხარდაჭერა მამდანის, თუმცა ეს ჟესტი პოლიტიკურად მნიშვნელოვანია — მით უმეტეს, როცა დემოკრატიული პარტია შიგნიდან გახლეჩილია მემარცხენე და ცენტრისტულ ფრთებს შორის.
ტრამპის პოზიცია — “კომუნისტის წინააღმდეგ უნდა მისცეთ ხმა კუომოს”
თავის მხრივ, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მყისიერად ჩაერთო დისკუსიაში. სოციალურ ქსელTruth Social-ზე მან დაწერა:
„მოგწონთ თუ არა ენდრიუ კუომო, თქვენ უნდა მისცეთ მას ხმა და იმედი გქონდეთ, რომ ის ფანტასტიურ სამუშაოს შეასრულებს. მას შეუძლია, მამდანის კი — არა!“
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ურჩევნია “გამოცდილი დემოკრატი წარსულით ვიდრე გამოუცდელი კომუნისტი” და გააფრთხილა ამომრჩევლები, რომ მამდანის გამარჯვების შემთხვევაში “ფედერალური დაფინანსება მინიმალურ ლიმიტს არ გადააჭარბებს”.
ვინ არის მამდანი?
ზოჰრან მამდანის გზა პოლიტიკაში :
ის იყო ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი და საბინაო კონსულტანტი, შემდეგ კი გახდა ნიუ-იორკის შტატის ასამბლეის წევრი. სულ რამდენიმე თვეში, უდიდესი ქალაქის მერის თანამდებობაზე ფავორიტ კანდიდატად განიხილება.
მამდანის კამპანია დაფუძნებულია დემოკრატიული პარტიის იმედგაცრუებული ამომრჩევლების მობილიზებაზე. ის აქტიურად იყენებს სოციალურ მედიას, რათა მიაწვდინოსგზავნილები ახალგაზრდა და პროგრესულად მოაზროვნე ამომრჩევლებამდე.
“დემოკრატ სოციალისტის” პლატფორმა
მამდანი საკუთარ თავს “დემოკრატ სოციალისტს” უწოდებს და აცხადებს, რომ მისი მიზანია მდიდრების დაბეგვრა და სოციალური პროგრამების გაფართოება, თუმცა არ განმარტავს რას გულისხმობს ამ ტერმინს მიღმა. მისი შეფასებით, ახალი გადასახადები ქალაქის ბიუჯეტში დაახლოებით 9 მილიარდ დოლარს შემოიტანს.
თუმცა ეკონომიკური ინსტიტუტების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს პროგნოზი ზედმეტად ოპტიმისტურია.
გარდა ამისა, გადასახადების ამოქმედებისთვის საჭიროა როგორც შტატის საკანონმდებლო ორგანოს ასევე გუბერნატორის მხარდაჭერა.
ურთიერთობა პარტიულ ისტებლიშმენტთან
აღსანიშნავია, რომ მამდანი თანდათან გადაიქცა დემოკრატიული პარტიის მემარცხენე ფრთის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად. მისი კამპანიის სტილი და გზავნილები აშკარად ეხმიანება ბერნი სანდერსისა და ალექსანდრია ოკასიო-კორტესის პოლიტიკურ ხაზს.
ეს ქმნის გარკვეულ დაძაბულობას ცენტრისტ დემოკრატებთან, რომლებიც შიშობენ, რომ მამდანის პოლიტიკა ზედმეტად რადიკალურია ბიზნესისა და ქალაქის ფინანსური სტაბილურობისთვის.
ოპონენტები — ბიზნესის მხარდაჭერითა და საჯარო კამპანიებით
ენდრიუ კუომო, რომელიც დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს, მასშტაბურ ფინანსურ მხარდაჭერას იღებს მსხვილი მეწარმეებისგან — ბილ აკმანის, ჯო გებიას, რონალდ ლოდერისა და რიკი სენდლერისგან.
მისი კამპანია მოიცავს კარდაკარ აგიტაციას, სატელეფონო ზარებს და ბეჭდური მასალების დისტრიბუციას — ტაქტიკას, რომელიც ნაწილობრივ მამდანის სტრატეგიას იმეორებს.
კუომო ამომრჩევლებს აფრთხილებს, რომ მამდანის “ბიზნესის საწინააღმდეგო პოლიტიკა” ნიუ-იორკის ეკონომიკას დააზიანებს.
რესპუბლიკური პერსპექტივა — უსაფრთხოება და პოლიცია
რესპუბლიკელი კანდიდატი კურტის სლივა ხაზს უსვამს, რომ არასდროს დაუკავია არჩევითი თანამდებობა და სწორედ ეს გამოცდილების არარსებობა “თავისუფლებას აძლევს”. მისი მთავარი დაპირებაა 7000 ახალი პოლიციელის დაქირავებაა.
კუომო 5000 ახალი პოლიციელის საჭიროებას ხედავს, ხოლო მამდანი მიიჩნევს, რომ “ქალაქს უკვე საკმარისი რაოდენობის პოლიცია ჰყავს”.
წინასწარ განსაზღვრული შედეგი?
მამდანი გამოკითხვებში ლიდერობს, მაგრამ ნიუ-იორკის პოლიტიკური სურათი ხშირად მერყევია.
დემოკრატიულ ამომრჩეველთა აქტივობა, ცენტრისტების პოზიცია და დამოუკიდებელი კანდიდატის ფაქტორი შედეგს ჯერ კიდევ ბუნდოვანს ტოვებს.