„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმე, რომელიც „მტკვარი ჰესს” უკავშირდება, არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. პროცესზე ასევე, მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. სხდომას ესწრებოდა თავად ბაჩიაშვილი. “ გამოდის, რომ საქართველოში მე ვარ პირველი შემთხვევა, რომელსაც კერძო პროექტის გადახარჯვას ედავებიან და არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცემა, ეს პირველი პრეცედენტი გახდება,” – ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. სხდომაზე მოსამართლე ლევან გელოვანი მხარეებთან ერთად მსჯელობდა ბრალდების სამართლებრივ ასპექტებზე. დაცვის მხარე და ბრალდებულიც დაობდნენ მუხლის იმ ნაწილზე, სადაც „სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შედეგად მძიმე შედეგის გამოწვევაზეა“ საუბარი. „პირველი პრეცედენტი იქნება სსსკ 220-ე პრიმა მუხლზე ფინანსური ზარალი რომ განიხილება. ადამიანი არ დაზიანებულა, ხომ?“ – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
„მძიმე შედეგი მსჯელობის საგანს განეკუთვნება. კანონმდებელმა არ ჩაწერა „მძიმე შედეგი რა არის”, ამას წინასასამართლო სხდომის მოსამართლე ვერ შეაფასებს“, – განაცხადა მოსამართლემ. მან ასევე ბაჩიაშვილს უთხრა, რომ „ისეთი სტატუსის ადამიანთან ჰქონდა მას შეხება, ამ თანხებს ასე ვერ დაითვლიდნენ“. „ეს იგივეა, დავუშვათ, ადამიანმა მოიპარა 100 ლარი და ამ ადამიანს სხეულის დაზიანებით ვასამართლებდეთ. 100 მილიონის გადახარჯვა – 220-ის პრიმა, რაც ადამიანის ჯანმრთელობის მოსპობა ან მძიმე შედეგი გამოიწვია, ვერ იქნება“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
მოსამართლემ მსჯელობის შემდეგ, საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადასცა.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის” საქმეზე ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
ამასთან, გიორგი ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში . მას ამ საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. მას სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა მისჯილი.