„შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებისთვის გახსნილი ცეცხლის საპასუხო ღონისძიების შედეგად ლიკვიდირებულმა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერმა მირზა ალიევმა „ქურდულ საერთოში“ გადასახდელი თანხის შემცირების მიზნით „ქურდული სამყაროს“ წევრებსა და კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა. საკითხის მოსაგვარებლად „ქურდული სამყაროს“ წევრების მონაწილეობით გაიმართა მოლაპარაკებები და გარჩევები. აღნიშნულ პერიოდში მირზა ალიევმა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ერთ-ერთ კრიმინალურ ავტორიტეტს აღმოუჩინა ფინანსური დახმარება. ქურდული გარჩევის გზით საბოლოდ მიღწეული იქნა შეთანხმება, რის სანაცვლოდაც „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერმა მირზა ალიევმა „ქურდული სამყაროს“ წევრებს გადასცა საერთო ჯამში 6 000 აშშ დოლარი.

ბრალდებულებისგან 34 პირი სამართალდამცავებმა ჩატარებული ღონისძიების შედეგად დააკავეს. ექვს პირს ბრალდება დაუსწრებლად, ხოლო სამ პირს ბრალდება პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინათ.

ბრალდებულებს ბრალდება ქურდული სამყაროს წევრობის, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „კანონიერ ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულების ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო ერთ ბრალდებულს, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა, საპატიმრო გირაო 3000 ლარის ოდენობით შეეფარდა. ბრალდებულების ნაწილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს,”-ამის შესახებ სს-ს გენერალურ ინსპექციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით გუმბერიძემ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.