„არ შევალ იმ სპეკულაციაში, რა პირდაპირი სამართლებრივი კავშირი შეიძლება დახატოს „ქართულმა ოცნებამ“. რა თქმა უნდა, ყველაფერი ტყუილია, ფარსია. შესაბამისად, რასაც დახატავს და რაც მათ ნაღრძობ ტვინებში მოვა, შეიძლება, ყველაფერი ერთმანეთთან დააკავშიროს. პროცესი, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების გაუქმება ჰქვია, კომიკური გახდა საზოგადოების თვალში. კომიკური გახდა ამ ბოროტი დიქტატურის დამყარების ყველა ის მცდელობა, რომელიც ივანიშვილს აქამდე ჰქონდა გამიზნული. რა თქმა უნდა, ამის ლოგიკური გაგრძელებაა ის, რომ პირდაპირ სისხლის სამართლებრივი დევნით, ციხით, ციხეში დალპობით დაემუქრა პოლიტიკურ სპექტრს და პოლიტიკა დაატყვევა. ჩემი აზრით, იმ პიარული ფიასკოს ლოგიკური პოლიტიკური გაგრძელებაა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელის სერიოზულობამ განიცადა. ფაქტია, საზოგადოებამ ეს არ მიიღო. საზოგადოებამ ეს აბსურდი, მარაზმი სერიოზულად არ მიიღო, რადგან არასერიოზულია. ივანიშვილმა მიმართა იმ ხერხს, რომელიც მოსკოვში ნაცადია – არ ჭრის ლეგალური გზები, პიარული შეტევა, მოდი, გადავიდეთ დატუსაღებაზე, დატყვევებაზე, წამებაზე და ადამიანების ფიზიკურ განადგურებაზე,”-ამის შესახებ ,,ძლიერი საქართველო-ლელოს” წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა,რითაც პროკურატურის მიერ, საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმეზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, მათ შორის „ლელო“ ლიდერების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გამოეხმაურა.