„ყველა ვხედავთ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიების გაძლიერების თვალსაზრისით, მაგრამ მთავარი არ უნდა გამოგვრჩეს და უნდა დავუსვათ ჩვენს თავს კითხვა – რატომ აკეთებს პუტინი და მისი მეხუთე კოლონა, მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდა ამ ყველაფერს, რისთვის სჭირდება პოლიტიკური რეპრესიები, პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, რიგითი პატრიოტების დევნა, შევიწროება, პოლიტიკური სისტემის „კადიროვიზაცია“, ლუკაშენკოს ბელარუსის დამსგავსება? იმისთვის, რაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მას სჭირდება ეს ქვეყანა, როგორც ტერიტორია, როგორც მისი შპს. ეს არის თავიდან ბოლომდე პუტინის გეგმაში, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებიც აღარ იყვნენ. ეს ქვეყანა დაიცალოს ქართული სულისკვეთებისგან. ქართული სულისკვეთებისგან რომ დაიცალოს და მას არ ჰქონდეს მტერთან წინააღმდეგობის გაწევის უნარი, ის ასევე ქართველებისგან უნდა დაიცალოს. ამიტომ აკეთებს ამ ყველაფერს, რაც ღიად თქვა მან და მისმა მონებმა- წადით აქედან ქართველები, ვისაც არ მოგწონთ ეს დიქტატურა, ვისაც არ მოგწონთ ბიძინა ივანიშვილის შპს-ში ცხოვრება,”-ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა,რითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გამოეხმაურა.