„ქართული ოცნების“ ე.წ პარლამენტის დეპუტაციამ, სულ 88 დეპუტატმა, ამასწინათ კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, რითაც ითხოვს სამი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვას და შესაბამისად, საქართველოში პლურალისტური დემოკრატიის დახურვას. ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ამ თავისთავად ძალიან ფუტურო სარჩელს ახლავს, ეს არის პარლამენტის ე.წ. დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომლის კანონიერებაზეც მოგახსენებთ შემდეგს: ეს კომისია, რომელსაც საქართველოში იცნობენ წულუკიანის კომისიის სახელით, შეიქმნა უკანონოდ იმიტომ, რომ იგი შეიქმნა კონსტიტუციის და პარლამენტის იმ დროს მოქმედი რეგლამენტის ძალიან მნიშვნელოვანი წესის დარღვევით. კერძოდ, საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად აუცილებელია, რომ საგამოძიებო კომისიაში იქნეს წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიები, ნახევარი მაინც, რადგან პარლამენტში იმ დროისთვის ოპოზიციური პარტიები უბრალოდ არ იყო წარმოდგენილი, სამმა მათგანმა უარი თქვა თავის მანდატებზე, ხოლო ერთმა მანდატებზე არ თქვა უარი, მაგრამ არ მუშაობდა პარლამენტში, შესაბამისად ოპოზიცია პარლამენტში იმ დროს არ იყო. რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“? თავისი რიგებიდან გაიყვანა გარკვეული წევრები, რათა შეექმნა ხელოვნურად ეგრეთწოდებული ვითომდა ოპოზიციური პარტიები. ეს არის კონსტიტუციის და რეგლამენტით დადგენილი წესის პირდაპირი და უხეში დარღვევა, შესაბამისად ამ პროცედურული დარღვევის საფუძველზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნას არ გააჩნია კანონიერი, ლეგიტიმური საფუძველი.
მეორე პრობლემა გახლავთ ის, რომ პარლამენტმა ამ დროებით საგამოძიებო კომისიას მიანიჭა მეტისმეტად ფართო უფლებამოსილებები, მეტისმეტად ფართო მანდატი, რომელიც შორს ცდება პარლამენტის რეგლამენტის მიერ დადგენილ ჩარჩოებს. ნებისმიერი მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ტრიბუნალი, სასამართლო ამისთანა კომისიის მიერ შექმნილ მტკიცებულებას არ მიიღებდა, როგორც კანონით მოპოვებულ და სანდო მტკიცებულებას,”-აღნიშნული განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს,რომელიც ალექსანდრე ბარამიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.