„პარტიის მმართველობამ მიიღო გადაწყვეტილება და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ხელისუფლების მიტაცებით, არჩევნების გაყალბებით „ოცნების“ არალეგიტიმურმა პარლამენტმა შეექმნა ისეთი კანონმდებლობა, სადაც იდევნება ყველა, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს – იდევნებიან რიგითი პროტესტანტები, სამოქალაქო აქტივისტები, სამოქალაქო ორგანიზაციები, ტელევიზიები და ჯერი უკვე პარტიების გაუქმებაზეც მიდგა. ამიტომ, ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სასამართლოს იმედი, რომელიც მიტაცებულია და ბოლო წლებში მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, იურიდიული საზოგადოების თხოვნით და მოთხოვნით ვიწყებთ საკონსტიტუციო სამართალწარმოებას იმიტომ, რომ ამ პროცესს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა სტრასბურგის ევროსასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების განხორციელების ეტაპზე. ჩვენ ვიწყებთ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელების შეტანას რამდენიმე ეტაპად- პირველ ეტაპზე იქნება გასაჩივრებული და უკვე შევიდა შესაბამისი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში წულუკიანის ე.წ. ღალატის კომისიის დასკვნის გასაჩივრებასთან დაკავშირებით.
მეორე ეტაპზე გასაჩივრდება და ამავე კვირაში შევა იმ კანონების ანტიკონსტიტუციურობაზე სარჩელები, რომლითაც პრაქტიკულად, აუქმებს პარტიებს „ქართული ოცნება“.
ასეთი კანონმდებლობა არც კონსტიტუციაში, არც ჩვენს კანონმდებლობაში გაწერილი არ იყო. „ქართულმა ოცნებამ“ მიტაცებული ხელისუფლების საფუძველზე შექმნა სპეციალური კანონები, რომლითაც ის დღეს საქართველოში დემოკრატიის გაუქმებას ცდილობს და ახალი ქართული, დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოშლას, ამიტომ, ამ მიმართებითაც შესაბამისი საკონსტიტუციო სარჩელი შევა.
მესამე ეტაპი არის საკუთრივ „ქართული ოცნების“ სარჩელთან დაკავშირებით. პარტიაში იყო განსხვავებული აზრები, რამდენად ღირდა სამართალწარმოების დაწყება და „ქართულ ოცნებასთან“ ამ პოლემიკაში შესვლა. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და საერთაშორისო იურიდიული საზოგადოების კონსულტაციების საფუძველზე მართებულად ჩაითვალა, რომ ამ ეტაპზე მოხდეს ჩვენი მხრიდან იმ არგუმენტების წარდგენა, რომელიც საბოლოოდ ევროსასამართლოში გადამწყვეტი იქნება. „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში რუსული რეჟიმი შექმნა, მაგრამ ამ რეჟიმს სჭირდება ბრძოლა, ბრძოლა ყველა ეტაპზე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ ბრძოლას საბოლოო გამარჯვებამდე გააგრძელებს,”-ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.