„ეს არის პირდაპირ ყოველდღიური პროცესების ხელით მართვა გარედან, სადაც თითოეული სიტყვა წინასწარ არის ნაკარნახევი. თითოეული ნაბიჯი გათვლილია, ასე მოქმედებს დღეს რადიკალური ოპოზიცია და გარედან დაქირავებული „ენჯეოები“. ეს რა თქმა უნდა, სამარცხვინო ფაქტია, თუ რასთან აქვს საქმე. 21-ე საუკუნის საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, ჩვენ გვყავს ჩვეულებრივი მარიონეტები ქართული გვარ-სახელებით და პასპორტებით, რომლებიც გარედან იმართებიან იმისთვის, რომ დააზიანონ საკუთარი ქვეყანა. ასე უნდა შეხედოს საზოგადოებამ ამ მარიონეტების ჯგუფს, რომ მათი ერთადერთი მიზანი არის ჩვენი ქვეყანა ჩააბარონ სხვებს სამართავად,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც  Prime Time – ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს გამოეხმაურა, რომელიც, გამოცემის ინფორმაციით, ადგილობრივ ოპოზიციას ბრიუსელიდან ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს, ოპოზიციის წარმომადგენელმა კი ბრიფინგზე წაიკითხა.