სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია.
„ჩემთვის გულწრფელად სასიამოვნო და დიდი პატივია ერევანში თქვენი გულთბილი მიღების საპასუხოდ გიმასპინძლოთ საქართველოში. საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ურთიერთპატივისცემის დიდ ისტორიას, ჩვენს ხალხებს შორის მყარ მეგობრობას ეფუძნება, სწორედ ამიტომაც სტრატეგიული პარტნიორობა რომელიც 2024 წლიდან დამყარდა ჩვენს ქვეყნებს შორის არის სრულიად ლოგიკური შედეგი ამ ძირძველი ურთიერთობების. 2025 წელი საკმაოდ დინამიური იყო ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში, არაერთი ვიზიტი განხორციელდა, მათ შორის უმაღლესი დონის ვიზიტები. არაერთხელ ვეწვიეთ ერევანს, არაერთხელ ვუმასპინძლეთ ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს. უახლოეს მომავალში ველით პრეზიდენტის ვიზიტს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ხალხის მეგობრობა, ჩვენი ქვეყნების კავშირები სრულად არის ასახული პოლიტიკური დიალოგის ინტენსივობაში.
ჩვენ დღეს ვისაუბრეთ თანამშრომლობის მიმართულებებზე, პრიორიტეტებსა და სამომავლო ნაბიჯებზე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. საუბარი გვქონდა რეგიონის შესახებ. საქართველო მიესალმება 8 აგვისტოს ვაშინგტონში სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას. ეს ისტორიული შეთანხმება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში მდგრადი, მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმულ ნაბიჯს.
საქართველო ერთგულად ასრულებდა მნიშვნელოვან როლს რეგიონის განვითარებაში, რეგიონის სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებაში. კვლავაც გააგრძელებს საკუთარი წვლილის შეტანას რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების საქმეში.
სომხეთი არის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი. ეს აისახება საერთაშორისო დონეზე. ჩვენი ქვეყნები წარმატებით თანამშრომლობენ სხვადასხვა ფორმატში, საერთაშორისო ორგანიზაციებში.
კოლეგასთან შეხვედრაზე განვიხილეთ რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის საკითხები. ასევე, მიმოვიხილეთ ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობა, საქართველოსა და და სომხეთს შორის თანამშრომლობა, მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ისე ფართო რეგიონის კეთილდღეობისთვის და სტაბილურობისთვის,”-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, არარატ მირზოიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, არარატ მირზოიანი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრეზიდენტ,მიხეილ ყაველაშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან.ასევე, ის გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.