„მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან – „იგლ ჰილსი” რამდენიმე თვეში დაიწყებს სამშენებლო სამუშაოებს კრწანისში და გონიოში. ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი, 6.6 მილიარდი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი, რომელიც ქართული ეკონომიკის განვითარებას სრულიად ახალ სტიმულს მისცემს. პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 16 000 საცხოვრებელი სახლის ან ბინის მშენებლობას; სასტუმროების მშენებლობას 1 400-ზე მეტი სასტუმრო ნომრითა და აპარტამენტით; საოფისე, სავაჭრო, გასართობი, სპორტული და სხვა კომერციული სივრცეების მშენებლობას. რაც მთავარია, პროექტი პირდაპირ აისახება ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობაზე სხვადასხვა სახით. პირველი – დასაქმება – „იგლ ჰილსის” პროექტი მშენებლობის ეტაპზე 24 ათასზე მეტ, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ – 8 ათასზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის. კომპანიის პოლიტიკის თანახმად, პროექტის უშუალო განხორციელებას უზრუნველყოფენ ქართული სამშენებლო კომპანიები, რაც ქვეყანაში ბიზნესსექტორის განვითარებასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს;

მეორე – ეკონომიკური ზრდა – პროექტის მხოლოდ პირდაპირი ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე იქნება დაახლოებით 11 მილიარდი ლარი;

მესამე – სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდა – მშენებლობის დაწყების დღიდან, ყოველწლიურად ბიუჯეტში გადასახადების სახით შევა საშუალოდ სულ მცირე 500 მილიონი ლარი. გარდა ამისა, ხელშეკრულების თანახმად, სახელმწიფოს პროექტის მოგებიდან დარჩება 33%, რაც საქართველოს ბიუჯეტს 10 წლის მანძილზე დამატებით სულ მცირე 2 მილიარდ ლარს მოუტანს, ეს კი წელიწადში საშუალოდ 200 მილიონი ლარია. გარდა ამისა, „იგლ ჰილსის” პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას, ახალი ტურისტული პროდუქტების, ტურისტებისთვის ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნას, რაც განსაკუთრებით აჭარის რეგიონს დაეხმარება, გახდეს 4-სეზონიანი ტურისტული მიმართულება,”-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ განმარტა ქართული მიწები არავის გადაეცემა. ამასთან, როგორც მან განმარტა, „იგლ ჰილსის” პროექტით, კრწანისსა და გონიოში იქმნება უმაღლესი სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რომელიც როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს საუკეთესო გარემოს შესთავაზებს. მისი თქმით, მსხვილი ინვესტიციის ჩადებაა დაგეგმილი გონიოს იახტ-მარინას, ასევე კომერციული და რეკრეაციული სივრცეების მშენებლობასა და განვითარებაში.

„ბუნებრივია, საქართველოს ეკონომიკისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ამ მასშტაბის სტიმულირება სერიოზული პრობლემაა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებისთვის. რაც უფრო ძლიერი და დამოუკიდებელია სახელმწიფო ეკონომიკური თვალსაზრისით, მით უფრო რთულია მისი დამოუკიდებლობის შერყევა. სწორედ ამას უკავშირდება ის სიცრუეზე აგებული, ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რომელიც საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა და მათმა ადგილობრივმა აგენტურამ ამ უპრეცედენტო და უნაკლო საინვესტიციო პროექტის წინააღმდეგ წამოიწყეს. მათი კამპანიის თითოეული პუნქტი ყალბია და მთლიანად სიცრუეზეა აგებული. კერძოდ, ისინი აცხადებენ, რომ შენდება ორი არაბული ქალაქი და იწყება საქართველოს „არაბიზაცია”. ამ თეზისს სერიოზულ პასუხს არ გავცემდი, რომ არ მენახა რამდენიმე პატივსაცემი ადამიანის განცხადება, რომელმაც ეს გზავნილები, სამწუხაროდ, დამაჯერებლად აღიქვა. წუხილი შესაძლო მიგრაციასთან დაკავშირებით სრულიად გასაგებია და ამიტომ, აუცილებლად მიმაჩნია, „არაბიზაციის” მითის შესახებ საზოგადოებას სრული ინფორმაცია გავუზიარო. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული, ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე თბილისისა და ბათუმის მიმდებარედ. სულ გათვალისწინებულია 16 000 საცხოვრებელი სახლისა და ბინის მშენებლობა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა აქედან 60 პროცენტიც რომ იყიდონ, ეს ნიშნავს, რომ მათზე სულ 9 600 ბინა გაიყიდება, როცა გასული 4 წლის განმავლობაში უცხოელებმა საქართველოში 60 ათასზე მეტი ბინა შეიძინეს, ამას კი საქართველოსთვის არავითარი დემოგრაფიული პრობლემა არ შეუქმნია და არც შექმნის. ამ მარტივი სტატისტიკიდანაც კი ჩანს, თუ რამდენად ყალბია განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ „იგლ ჰილსის” პროექტი საქართველოს დემოგრაფიულ პრობლემებს შეუქმნის,”-განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა,რომ ხელისუფლება სრულად იღებს პასუხისმგებლობას პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე.

„ერთი მხრივ, არავითარი „არაბიზაცია”, არავითარი მიწის გადაცემა უცხოტომელებისთვის, არავითარი მანიპულაციები ინვესტიციის გაანგარიშებისას. მეორე მხრივ – 24 000 ათასი დროებითი და 8 000 მუდმივი სამუშაო ადგილი, დამატებით 11 მილიარდი საქართველოს ეკონომიკაში, წელიწადში დამატებით 700 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში, უმაღლესი სტანდარტების განაშენიანებული სივრცეები კრწანისსა და გონიოში, ახალი შესაძლებლობები ტურიზმის განვითარებისთვის, არავითარი ფინანსური ვალდებულება, ფინანსური გარანტია ან არასტანდარტული პირობა პარტნიორ კომპანიასთან მიმართებით, სტიმული სხვა მსხვილი კომპანიებისთვის, ჩადონ მასშტაბური ინვესტიციები ქართულ ეკონომიკაში. როდესაც ერთ საინვესტიციო პროექტს ქვეყნის განვითარებისთვის ამხელა ეფექტი მოაქვს, გასაკვირი არაა, რომ საქართველოს უცხოტომელი არაკეთილმოსურნეები მის წინააღმდეგ ასე აქტიურობენ და საკუთარ აგენტურას სრული ძალისხმევით ამუშავებენ. თუმცა, მთავარია სიმართლე და ვფიქრობ, ასეთ პირობებში, ხელისუფლების და თითოეული ინფორმირებული მოქალაქის არჩევანი ძალიან მარტივია. ჩვენი არჩევანია მშვიდობა და განვითარება საქართველოსთვის და ქართველების უკეთესი მომავალისთვის. პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.