ამბავი მოკლედ:

  1. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინამ ვორონეჟზე ოთხი ამერიკული წარმოების ATACMS რაკეტით მიიტანა იერიში.
    უკრაინის გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ რუსეთში სამხედრო ობიექტებზე დარტყმისთვის ATACMS გამოიყენეს, თუმცა კონკრეტული რეგიონი არ დაუსახელებიათ.
  2. რუსეთის მხრივ განაცხადეს, რომ ყველა რაკეტა S-400  სისტემებმა ჩამოაგდეს, ხოლო ნამსხვრევებმა გერონტოლოგიური ცენტრისა და ბავშვთა სახლის სახურავები დააზიანა.
  3. აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათს ღამით რუსეთმა უკრაინას რაკეტებითა და დრონებით შეუტია, სამიზნედ კი ენერგეტიკული ობიექტები იქცა. ამის შემდეგ უკრაინის ცენტრალური და დასავლეთი რეგიონები მასიურად დაიბომბა — დაფიქსირდა საჰაერო თავდასხმის სიგნალები, უკრაინის საჰაერო ძალების გაფრთხილებები და პოლონეთში საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანილი ავიაცია.
  4. ხარკოვში დრონების შეტევის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები; საცხოვრებელი სახლებიც დაზიანებულია.
  5. Axios-ის ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან საიდუმლო კონსულტაციებს აწარმოებს უკრაინაში ომის დასრულების ახალი გეგმის შესახებ.

მძიმე მდგომარეობაა ტერნოპილშიც — სარაკეტო დარტყმამ ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსები დააზიანა და ხანძარი გამოიწვია.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დაღუპულია 9 ადამიანი, ხოლო დაშავებულია კიდევ რამდენიმე ათეული. მისი განცხადებით, შესაძლოა ნანგრევებში კვლავ იყვნენ ადამიანები.

დაზიანება დაფიქსირდა სხვა რეგიონებშიც:

  • ივანო-ფრანკოვსკში დაიჭრა 3 ადამიანი;

  • ლვოვის რეგიონში დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა;

  • სარაკეტო დარტყმები განხორციელდა კიევის, ნიკოლაევის, ჩერკასის, ჩერნიგოვისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში.

უკრაინული მედია ავრცელებს ტერნოპილში დარტყმით დაზიანებული საცხოვრებელი სახლების ფოტოებს.
რეგიონული ხელისუფლებასა და ქალაქის მერს ამ დროისთვის მხოლოდ დაზიანებული შენობებისა და სამაშველო სამუშაოების შესახებ აქვთ ინფორმაცია; დამატებითი მონაცემები დაშავებულებზე ჯერ არ გავრცელებულა.