Bloomberg-მა გაავრცელა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელშიც ასახულია აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის, კომუნიკაცია. ჩანაწერის მიხედვით, უიტკოფი ურჩევდა რუსეთს, თუ როგორ შეეძლო მას დონალდ ტრამპისთვის „სამშვიდობო შეთანხმების“ შესახებ წინადადებების საუკეთესოდ წარდგენა.

გამოცემის ინფორმაციით, ასევე არსებობს უშაკოვისა და პუტინის სპეციალურ წარმომადგენელ კირილ დმიტრიევს შორის საუბარიც, რომლის შინაარსიდან ირკვევა, რომ ე.წ. 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ პუტინის ადმინისტრაციაში იყო მომზადებული და უიტკოფს იგი საკუთარი ინიციატივის სახით უნდა წარმოეჩინა.

ტრამპი: „ეს მოლაპარაკების სტანდარტული ფორმაა“

სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი თავად დონალდ ტრამპმაც გააკეთა. მისი თქმით, არ მოუსმენია ის მასალა, რომელზეც Bloomberg-მა თავისი სტატია ააგო, თუმცა აღნიშნა, რომ მსგავსი დიალოგები „სტანდარტული პრაქტიკაა dealmaker-ისთვის“.

„იცით, ეს მოლაპარაკების ძალიან სტანდარტული ფორმაა. ვფიქრობ, ის იგივეს ეუბნება უკრაინასაც“, — განაცხადა ტრამპმა.

კონგრესმენი დონ ბეიკონი: „უიტკოფი სრულად უჭერს მხარს რუსეთს“

Bloomberg-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს მწვავე რეაქციით გამოეხმაურა რესპუბლიკელი კონგრესმენი დონ ბეიკონი. მისი თქმით, მათთვის, ვინც ეწინააღმდეგება რუსეთის აგრესიას და მხარს უჭერს უკრაინის, როგორც სუვერენული დემოკრატიული სახელმწიფოს, გამარჯვებას, „ცხადია, რომ უიტკოფი სრულად უჭერს მხარს რუსებს“.

„მას არ შეიძლებოდა მოლაპარაკებების წარმოება ვანდოთ. ნუთუ რუსი ანაზღაურებადი აგენტი მასზე ნაკლებს გააკეთებდა? ის უნდა გაათავისუფლონ“, — წერს კონგრესმენი.

რუსეთი ადასტურებს უიტკოფის დაგეგმილ ვიზიტს მოსკოვში

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ უიტკოფის მოსკოვში ვიზიტზე შეთანხმება მიღწეულია და ის მომავალ კვირას შედგება.

„ის და აშშ-ის ადმინისტრაციის კიდევ რამდენიმე პირი, რომლებიც უკრაინის საკითხებზე მუშაობენ, მოსკოვში ჩამოვლენ“, — აღნიშნა უშაკოვმა.

უშაკოვმა ასევე შეაფასა Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერები და თქვა, რომ მათი გამოქვეყნებით „ვიღაც ცდილობს აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების ხელის შეშლას“.

„უიტკოფს ხშირად ვესაუბრები, მაგრამ საუბრების შინაარსზე კომენტარს არ ვაკეთებ. არ ვიცი, საიდან გავრცელდა ჩანაწერები. ვიღაც ავრცელებს, ვიღაც უსმენს, მაგრამ ჩვენ არა. ალბათ, მიზანი ხელის შეშლაა… ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ურთიერთობების გაუმჯობესებას ემსახურებოდეს,“ — განაცხადა უშაკოვმა.