ბოლო დღეებში თბილისში ჰაერის ხარისხი მკვეთრად გაუარესებულია. დაბინძურება იმდენად მაღალია, რომ მტვრის კვამლოვანი ნისლი თვალითაც ჩანს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ატმოსფეროში მყარი მტვრის ნაწილაკების (PM10 და PM2.5) ზრდა გამოწვეულია უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით. ბოლო პერიოდში არ დაფიქსირებულა ნალექი და ძლიერი ქარი, რაც ხელს უწყობს მტვრის ნაწილაკების ხანგრძლივად შენარჩუნებას ჰაერში.

დაბინძურებული ჰაერი ფიქსირდება არა მხოლოდ თბილისში, არამედ შემდეგ ქალაქებშიც:
რუსთავი, მცხეთა, მარნეული, ყვარელი, თელავი, ბათუმი, ქუთაისი, კასფი, ხაშური, ჭიათურა, ფოთი, ახალციხე.

რატომ არის ეს საშიში?

PM10 და განსაკუთრებით PM2.5 ტიპის მიკრონაწილაკები ღრმად აღწევს ფილტვებში და გავლენას ახდენს გულისა და სასუნთქი გზების ჯანმრთელობაზე.
რისკი განსაკუთრებით მაღალია შემდეგი ჯგუფებისთვის:

  • ხანდაზმულები
  • ორსულები
  • ბავშვები
  • გულისა და ფილტვის ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები

რომელი ნიღაბი გვიცავს ნამდვილად?

PM2.5 ნაწილისგან დაცვას უზრუნველყოფს მხოლოდ მაღალი ფილტრაციის რესპირატორები:

✔️ N95
✔️ FFP2
✔️ FFP3

ქირურგიული ან ქსოვილის პირბადეები ამ მიკრონაწილაკებს არ ფილტრავს.

N95/FFP2 ტიპის ნიღაბი ფილტრავს 95%-ზე მეტ მიკრონაწილაკს.
თუ ნიღაბი არ არის სველი ან დაზიანებული, ერთი ადამიანის საშუალო გამოყენების რეჟიმით მისი ტარება დაახლოებით 1 თვეა შესაძლებელი.

როგორ დავიცვათ თავი დაბინძურებული ჰაერის პირობებში?

სახლში:
ფანჯრები დახურული გქონდეთ.

მანქანაში:
ფანჯრები დახურული და შიდა ცირკულაცია ჩართული.

რისკ ჯგუფები:

 მაქსიმალურად მოერიდეთ გარე აქტივობას.

გარე გარემოში:
გამოიყენეთ მხოლოდ N95/FFP2/FFP3 რესპირატორი.

 სამედიცინო და ქსოვილის პირბადეები PM2.5 ნაწილაკებს არ ამცირებს.

წყარო