BBC-ის მიერ გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, 2023 წლის ანტისამთავრობო აქციების დროს საქართველოში შესაძლოა გამოყენებულიყო პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური აგენტი „კამიტი“ (ბრომბენზილ ციანიდი). BBC-ის ცნობით:

„საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ, მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა.“

გამოცემის ცნობით, ექსპერტებთან, ექიმებთან და სპეცრაზმის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ:

„მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს.“

ექსპერტების დასკვნით, UN1710 არის ტრიქლორეთილენი, ხოლო UN3439 – ქოლგა-კოდი, რომლის ყველაზე შესაძლო შესაბამისობად გამოცემა ბრომბენზილ ციანიდს ასახელებს.

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრი გიორგი სიორიძე გამოეხმაურა BBC-ის მასალას:

„BBC-ის გამოძიება ცხადყოფს, რომ ივანიშვილის რეჟიმი მკვლელი რეჟიმია, რომელიც საკუთარ ხალხს არ ინდობს. ასეთი რამ საქართველოში ბოლოს 1989 წლის 9 აპრილს მოხდა, როცა აქციის დაშლის დროს აკრძალული ქიმიური შემადგენლობა გამოიყენეს. ეს არის უმძიმესი ფაქტი და დანაშაული ისტორიის წინაშე.“

„ხალხის ძალის” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა BBC-ის მასალას „ფეიკ ნიუსი“ უწოდა და განაცხადა:

„სად პოულობთ ასეთ ინფორმაციებს? მე ვიცი რომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი კი არა, დიდგორის ომის დროს იყო – შეიძლება უფრო ადრეც, გორგასლის დროინდელიც.“

მან ასევე დაამატა:

„BBC-ის რა რეიტინგიც აქვს, ნახეთ ამერიკის პრეზიდენტის განცხადება… ეს „ფეიკ“ ნიუსებია… ასეთი „ფეიკ” ნიუსების პროპაგანდა და მედიები ამერიკაშიც არიან და საქართველოშიც.“

კითხვაზე, ადასტურებს თუ უარყოფს BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მაჭარაშვილმა  განაცხადა:

„არა, მე ვიცი რომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი კი არა, დიდგორის ომის დროს იყო…“

გაეროს წამების საკითხებში სპეციალურმა მომხსენებელმა ალის ედვარდსმა BBC-ს განუცხადა:

„დასკვნები შემაშფოთებელია… წყლის ჭავლით ქიმიკატების გამოყენების მკაცრი რეგულაციის არარსებობა არის პრობლემა… ეს მაფიქრებინებს, რომ [ეს პრაქტიკა] ექსპერიმენტულ იარაღად მივიჩნიო… მოსახლეობა არასდროს არ უნდა დაექვემდებაროს ექსპერიმენტებს.“

მისივე თქმით:

„აღწერილი სიმპტომები სცილდება იმას, რაც დროებითად და მისაღებად ჩაითვლება. ყველა ეს შემთხვევა უნდა იქნას გამოძიებული, მათ შორის წამების ან სხვა არასათანადო მოპყრობის რუბრიკით.“

საქართველოს ხელისუფლება BBC-ის მასალას „ღრმად უსაფუძვლო და აბსურდულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ:

„სამართალდამცავებმა იმოქმედეს კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებებზე რეაგირებისას.“