უძველესი ეგვიპტის ფარაონები კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი მმართველები იყვნენ. ისინი მდინარე ნილოსის რეგიონში დაახლოებით სამი ათასი წელი მეფობდნენ. თუმცა მეფობის შუა პერიოდში მათ ნაყოფიერი მიწების უმეტესობაზე კონტროლი დაკარგეს.
უძველესი ტექსტების მიხედვით, დაახლოებით 3 600 წლის წინ ეგვიპტის ჩრდილოეთ ნაწილი ჰიქსოსების სახელით ცნობილმა დამპყრობლებმა მიიტაცეს და ფარაონები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში გააძევეს.
ჰიქსოსების უძველეს დედაქალაქში — რომელიც კაიროდან 120 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს — ნაპოვნი უძველესი ადამიანების ნამარხების გაანალიზების შედეგად მკვლევრებმა განსხვავებული თეორია ჩამოაყალიბეს. მის თანახმად, ჰიქსოსების აღზევება არა ძალადობრივი დაპყრობის შედეგი იყო, არამედ — იმიგრანტების მომრავლების.
ყველაფერი არქეოლოგიური გათხრების ნაკვეთზე არსებული სტრონციუმის იზოტოპების შეფარდებით გაირკვა. ელემენტი სტრონციუმი იმ მინერალებში გვხვდება, რომელიც ჩვენს საკვებსა და წყალშია, საბოლოოდ კი ის ჩვენს ძვლებში და კბილებში აღმოჩნდება ხოლმე.
მკვლევრებმა ჩრდილოეთ ეგვიპტის ადგილობრივი მოსახლეობისა და არაადგილობრივი ჰიქსოსების სტრონციუმის იზოტოპების თანაფარდობა შეადარეს. შედეგად კი, ნილოსის კვალი ორივე მათგანში იპოვეს.
დაახლოებით საუკუნის შემდეგ, როდესაც ფარაონებმა ჰიქსოსებისგან მიწები დაიბრუნეს, მათ ისინი სხვა მიწების მოსაძებნად გაუშვეს — შესაძლოა, ბიბლიურ წიგნ გამოსვლათაში მოთხრობილი ამბავი სწორედ ამ ისტორიიდან იღებდეს სათავეს.
ამასთან, როგორც ირკვევა, ეგვიპტე მხოლოდ ადგილობრივი ეგვიპტელების სახლი არ იყო — ჯერ კიდევ ჰიქსოსების მმართველობამდე დიდი ხნით ადრეც ნილოსის შესართავი მულტიკულტურულ ცენტრს წარმოადგენდა.
ამ თეორიას სხვა არქეოლოგიური მასალებიც ამტკიცებს. მკვლევრებმა რეგიონში ბრძოლის ვერანაირი კვალი ვერ იპოვეს. სამაგიეროდ, მრავლადაა აღმოჩენილი იმდროინდელი ელიტის სამარხები. ამასთან, ამ პერიოდში საკმაოდ ბევრი დამამტკიცებელი საბუთი გვხვდება იმისა, რომ ეგვიპტელი კაცები არაეგვიპტელ ქალებზე უფრო ხშირად ქორწინდებოდნენ, ვიდრე — პირიქით. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ისტორიაში შემოსევათა უმრავლესობას კაცები თაოსნობდნენ. ამის გათვალისწინებით კი ნიშანდობლივია, რომ ჰიქსოსების აღზევებამდე ტერიტორიაზე ქალი იმიგრანტები რაოდენობით კაცი იმიგრანტებს აღემატებოდნენ.