ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი ნაგებობა დაზიანებულია და აღარ ახორციელებს თავის ძირითად დაცვის ფუნქციას.

სააგენტოს ცნობით, გასულ კვირას ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ობიექტს თებერვალში დრონის დარტყმის შედეგად მიადგა ზიანი.

ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის თქმით, ინსპექტორებმა დაადასტურეს, რომ კონსტრუქციამ დაკარგა მისი მთავარი უსაფრთხოების როლი, თუმცა მონიტორინგის სისტემებს სერიოზული, შეუქცევადი ნგრევა არ გამოუვლენიათ.

გროსიმ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირველადი სარემონტო სამუშაოები უკვე განხორციელდა, ობიექტის გრძელვადიანი ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭიროა სრული სარეაბილიტაციო პროცესის ჩატარება.

შეგახსენებთ, რომ 14 თებერვალს გაერო-მ, უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციაზე დაყრდნობით, გაავრცელა ცნობები იმ შესახებ, რომ მეოთხე რეაქტორის დამცავ სტრუქტურას დრონით მიყენებული დარტყმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. კიევის თქმით, უპილოტო აპარატი რუსულ მხარეს ეკუთვნოდა.