უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად რუსეთ–უკრაინის ომის დასრულების პოტენციურ შეთანხმებაზე ხუთი დოკუმენტის მიღებას ელოდება, რომელთაგან ნაწილი უსაფრთხოების გარანტიებს შეეხება და იურიდიულად სავალდებულო იქნება. მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტები აშშ-ის კონგრესის მიერ დამტკიცებას საჭიროებს და ნატოს მეხუთე მუხლის სარკისებურ მექანიზმს („Article 5 mirror“) გულისხმობს.
ზელენსკის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიების დეტალები სამხედროებთან უკვე განხილულია და ქვეყანა ძლიერ უსაფრთხოების მექანიზმებთან შეთანხმების მიღწევას უახლოვდება. შეთანხმებების მეორე ბლოკი უკრაინის აღდგენას ეხება, მათ შორის ფინანსურ საკითხებსა და სპეციალური ფონდის შექმნას, თუმცა დოკუმენტების ზუსტი რაოდენობა ამ მიმართულებით არ დაუკონკრეტებია.
პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებების ფარგლებში პირველად დაისვა ომის შედეგად საცხოვრებლის დაკარგვის გამო იძულებით გადაადგილებული პირების კომპენსაციის საკითხი, რომლის სავარაუდო მოცულობა 70–80 მილიარდ დოლარს შეადგენს. მან ასევე აღნიშნა, რომ განიხილება დაღუპული უკრაინელი სამხედროების ოჯახებისთვის კომპენსაციების დაფინანსების საკითხიც, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთს წარმოადგენს.
ზელენსკის განცხადებით, დოკუმენტებზე მუშაობაში ჩართული არიან როგორც შეერთებული შტატები, ასევე ევროპელი პარტნიორები. მისი თქმით, ევროპელ ლიდერებთან ერთად აღნიშნული საკითხები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაც განიხილა და საბოლოო ან თითქმის დასრულებული ვერსიის მზადყოფნის შემთხვევაში მასთან შეხვედრას გეგმავს.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეთანხმებამდე მისასვლელი პროცესი რთულია, თუმცა ეს არ ნიშნავს ომის ხანგრძლივობას. მისი თქმით, შეერთებული შტატები სწრაფ დასრულებას ისწრაფვის, ხოლო უკრაინისთვის პრიორიტეტი სიჩქარისა და შეთანხმების ხარისხის თანხვედრაა.