აშშ არ ცდილობს რომელიმე მხარისთვის შეთანხმების იძულებით თავს მოხვევას — ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ომები, როგორც წესი, ორი გზით სრულდება: ან ერთ-ერთი მხარის სრული დანებებით, ან მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებით. რუბიოს შეფასებით, უახლოეს პერიოდში რომელიმე მხარის კაპიტულაცია ნაკლებად მოსალოდნელია, რის გამოც კონფლიქტის დასრულების ერთადერთ რეალურ გზად მოლაპარაკებები რჩება.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მისაღწევად აუცილებელია ორივე მხარემ მიიღოს გარკვეული სარგებელი და ამავე დროს გარკვეულ დათმობებზე წავიდეს. ამ ეტაპზე, მისი განმარტებით, მიმდინარეობს ანალიზი, თუ რა დათმობებზე შეიძლება წავიდეს რუსეთი და რას შეიძლება ელოდებოდეს სანაცვლოდ, ასევე — რა შესაძლებლობები და მოლოდინები აქვს უკრაინას.

რუბიოს განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება თავად უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული და არა შეერთებულ შტატებზე. აშშ-ის როლი პროცესში შუამავლობაა, რაც მრავალი შეხვედრის ჩატარებაში გამოიხატება. მისი თქმით, ეს პროცესი არ გულისხმობს რომელიმე მხარისთვის შეთანხმების ძალით დაკისრებას, არამედ მიზნად ისახავს იმის გარკვევას, ემთხვევა თუ არა მხარეთა მოლოდინები და შესაძლებლობები ერთმანეთს.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ასეთი მოლაპარაკებები დიდ დროსა და სერიოზულ მუშაობას მოითხოვს და ვერ განხორციელდება მედიის ან პრესკონფერენციების ფორმატში. რუბიოს შეფასებით, გარკვეული წინსვლა უკვე მიღწეულია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი საკითხია მოსაგვარებელი, ხოლო ყველაზე რთული თემები, როგორც წესი, პროცესის ბოლო ეტაპზე დგება.