რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, მაკრონმა თავად აღნიშნა, რომ პუტინთან საუბრისთვის მზად არის. პესკოვმა ასევე გაიხსენა პუტინის განცხადება „პირდაპირი ხაზის“ დროს, სადაც რუსეთის პრეზიდენტმაც დაადასტურა მაკრონთან დიალოგის სურვილი. მისი განცხადებით, თუ ორივე მხარის მხრიდან არსებობს პოლიტიკური ნება, ეს მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს.

შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპას მოუწევს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირ დიალოგში ჩართვა.

მაკრონის თქმით, მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად ან მიიღწევა ხანგრძლივი მშვიდობა, ან ევროპელები იპოვიან გზებს რუსეთთან დიალოგის განახლებისთვის, რაც უნდა მოხდეს გამჭვირვალედ და უკრაინასთან კოორდინაციით. მისი განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან საუბარი კვლავ შეიძლება იყოს სასარგებლო.