თბილისში ,,ელჩების კონფერენცია 2025″ გაიმართა. ღონისძიება პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და ხელისუფლების სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლით გაიხსნა, სადაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმდინარე პრიორიტებები და საერთაშორისო დღის წესრიგი განისაზღვრა.

,,ჩვენი პრინციპული პოზიციის გამო, რომ საქართველო იცავს სუვერენიტეტს, საკუთარ სახელმწიფო ინტერესებსა და მშვიდობას თავისი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნის მისამართით მთელი რიგი დაუმსახურებელი ბრალდებები მოვისმინეთ. მოგვიწია გავმკლავებოდით არაერთ გამოწვევას და დავპირისპირებოდით იმ მასშტაბურ კამპანიებს, რომლებიც საქართველოს და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესით ნამდვილად არ იყო ნაკარნახევი. ამგვარი გამოწვევების ფონზეც კი, სხვადასხვა ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები და ანგარიშები ადასტურებს, რომ თვლად და ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით, მთელი რიგი მიმართულებებით, საქართველო არა მხოლოდ რეგიონშია მოწინავე, არამედ წინ უსწრებს ევროკავშირისა და NATO-ს წევრ სახელმწიფოებს. ჩვენი საერთო მიზანია, საქართველომ კიდევ უფრო განამტკიცოს სამხრეთ კავკასიის მთავარი რეგიონული ჰაბის სტატუსი. ამასთანავე, მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი უფრო დიდი გეოგრაფიული სივრცეების – აზიის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკურ და მშვიდობიან ინტეგრაციას. მოვუწოდებ თითოეულ თქვენგანს, ძალისხმევა არ დავიშუროთ სავაჭრო-სატრანზიტო კავშირების კიდევ გასავითარებლად. ეს არა მხოლოდ გლობალურ დაკავშირებადობას შეუწყობს ხელს, არამედ საქართველოს დაუბრუნებს თავის ისტორიულ, ცივილიზაციური გზაჯვარედინის ფუნქციას. საქართველო არა მხოლოდ შუა დერეფნის ერთ-ერთი მთავარი კვანძია, არამედ უნიკალური ცივილიზაციური დიალოგის სივრცეა, სადაც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა კულტურები მშვიდობიანად თანაარსებობდნენ.  პარალელურად, ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტები საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის დეოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკაა. ამავდროულად, ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას იმ მიდგომის მიმართ, რომლის თანახმადაც კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია. დღეს, ჩვენ მტკიცედ ვიცავთ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი გზავნილი ერთმნიშვნელოვანია, საქართველო არასდროს დათმობს სუვერენიტეტს და არჩევანს იყოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული და მშვიდობიანი სახელმწიფო. ეს არის ჩვენი ისტორიული პასუხისმგებლობა და ჩვენი სახელმწიფოს არსებობის საფუძველი,”-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. 

როგორც პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მიმდინარე წელს დიპლომატიური კორპუსის საქმიანობა გამორჩეული იყო. ,,სტაბილურობამ და პროგნოზირებადმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ პოზიციების განმტკიცებაზე. კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ ჩვენი ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. გასული ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ საშუალოდ, 9,8% შეადგინა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი. ჩვენ წელსაც შევძელით მაღალი ტემპის შენარჩუნება. ამ ყველაფერში განსაკუთრებული როლი ენიჭება ეკონომიკურ დიპლომატიას ამ კუთხითაც გამორჩეული იყო მიმდინარე წელს ჩვენი დიპლომატიური კორპუსის საქმიანობა და ამისთვისაც მინდა თქვენ მადლობა გადაგიხადოთ.  გლობალურ საერთაშორისო სისტემაში მიმდინარეობს ფუნდამენტური ცვლილებები, იცვლება საერთაშორისო დღის წესრიგი. ამგვარი გარდაქმნების პირობებში, კომპლექსურ რეგიონში მდებარე ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რაციონალურ და პრაგმატულ პოლიტიკაზე დაფუძნებულ საერთაშორისო ურთიერთობებს. ამ საკითხში, გადამწყვეტია ჩვენი დიპლომატების როლი. აქვე, მსურს, ხაზი გავუსვა ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობების უკიდურესად მნიშვნელოვან როლს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კონსოლიდაციის პროცესში. ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის ფონზე, არაღიარების პოლიტიკა ჩვენს უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ჩვენი წარმატებული საქმიანობა ამ მიმართულებით არის, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ თქვენი, დიპლომატების დამსახურება,”-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ  ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის ფონზე, არაღიარების პოლიტიკა უცვლელ პრიორიტეტად რჩება და ქვეყნის წარმატებული საქმიანობა, ამ მიმართულებით, დიპლომატების დამსახურებაა. მისი თქმით,ვეღარაფერი იქნება ისე, როგორც იყო გუშინ, ხოლო დღევანდელი რეალობა აღარ იძლევა მომავლის მარტივი პროგნოზირების შესაძლებლობას.