სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. შესაბამისი განცხადება საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ გრიგოლ ლილუაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ქრთამის აღება ედება ბრალად.
ბრალდების ეპიზოდები
პირველი ეპიზოდი:
პროკურატურის ინფორმაციით, 2022 წლის ოქტომბერში გრიგოლ ლილუაშვილმა თურქი ინვესტორის, ჩაღათაი ულქერისგან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მაშინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, ქრთამის სახით 1 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. თანხა ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ლობირებისთვის იყო განკუთვნილი.
მეორე ეპიზოდი:
2022 წლის თებერვალში, კვლავ რომეო მიქაუტაძის შუამავლობით, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008“-ის დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიასგან გრიგოლ ლილუაშვილმა გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ 1 მილიონ 500 ათასი ლარი მოითხოვა და მიიღო.
მესამე ეპიზოდი:
საქმე ეხება 2021–2023 წლებს, როდესაც ქვეყანაში, სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული ბრძოლის მიუხედავად, ფუნქციონირებდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლ-ცენტრი. მოწმეთა ჩვენებების თანახმად, ქოლ-ცენტრების დიდი ნაწილი ეკუთვნოდა პირებს, რომლებიც მიღებული შემოსავლებით სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ. შედარებით მცირე ნაწილის მფარველობას კი გრიგოლ ლილუაშვილი უწევდა, მისი ნათესავის — სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით.
გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული სქემის ფარგლებში გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, შუამავლის მეშვეობით, დაახლოებით 1 მილიონ 365 ათასი აშშ დოლარი მიიღო.
პროკურატურის ცნობით, გამოძიება მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც ლილუაშვილი სხვა პირებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ ოპოზიციური მედიასაშუალებების დამფინანსებელი თაღლითური ქოლ-ცენტრების არსებობა არ გამჟღავნებულიყო, ხოლო აღნიშნული მედიასაშუალებები არ აშუქებდნენ ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ მყოფი ქოლ-ცენტრების საქმიანობას.
მეოთხე ეპიზოდი:
ბრალდების მიხედვით, გრიგოლ ლილუაშვილი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს — თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს. გვანცელაძე საბავშვო ბაღების შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების გაფორმებისას მეწარმე სუბიექტებისგან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ე.წ. „ატკატებს“ იღებდა.
პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ სქემაში ჩართული იყვნენ სააგენტოს ფინანსური აღრიცხვის, გაანგარიშებისა და მონიტორინგის თანამშრომლებიც, რომელთა მიმართაც უკვე გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
გამოძიების დეტალები და სამართლებრივი შეფასება
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულია ასეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის მოწმეების დაკითხვა. პროკურატურის განცხადებით, საქმეში ამოღებულია დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეო და აუდიოჩანაწერები.
გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს შუამდგომლობით ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით. გამოძიება გრძელდება სხვა შესაძლო დანაშაულების გამოვლენისა და საქმეში მონაწილე პირების დადგენა-დაკავების მიზნით.
როგორც ცნობილია, ბრიფინგამდე გრიგოლ ლილუაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე იყო მისული.