თბილისის საქალაქო სასამართლოში ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ცნობისთვის,დაკავებულ გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ,კერძოდ,პროკურატურას ვიდეომტკიცებულებები აქვს წარმოდგენილი.

„კადრებში ჩანს, რომ მე სასახლის [პრეზიდენტის ადმინისტრაციის] ეზოში ვარ და ამას არც უარვყოფ. ვასრულებდი ჩემს პროფესიულ მოვალეობას. ვფიქრობ, რომ ჩემი იქ შესვლით გარკვეული რაოდენობის ადამიანი გადავარჩინე. დღესაც იმავეს გავაკეთებდი, მაშინ არ დავფიქრებულვარ, ისე გავაკეთე ყველაფერი. დიახ, კადრებში ჩანს, რომ ხელს ვიქნევ, ეს და სხვა ყველა მოქმედება – სამედიცინო მოქმედება იყო. ყველაფერი, რაც მე გავაკეთე სასიკეთოდ იყო გაკეთებული. იქ ჩხუბი და დავიდარაბა არ ყოფილა,”-ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულმა ექიმმა, გიორგი ჩახუნაშვილმა განაცხადა.