დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიაზე უთანხმოების გამო დანიის,ნორვეგიის,შვედეთის,საფრანგეთის,გერმანიის,დიდი ბრიტანეთის,ნიდერლანდებისა და ფინეთისთვის დაწესებულ 10%-იან ტარიფებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები გამოეხმაურნენ.

,,საფრანგეთი ერების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ერთგულია, როგორც ევროპაში, ასევე სხვაგან. ამით ვხელმძღვანელობთ გადაწყვეტილებების მიღებისას. ეს უდევს საფუძვლად გაეროსა და ქარტიისადმი ჩვენს ერთგულებას. ამის საფუძველზე მხარს ვუჭერთ და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, და ამის საფუძველზე შევკარით ,,მსურველთა კოალიცია” მტკიცე და ხანგრძლივი მშვიდობისთვის, ამ პრინციპებისა და ჩვენი უსაფრთხოების დასაცავად. ასევე ამის საფუძველზე გადავწყვიტეთ გრენლანდიაში დანიის მიერ ორგანიზებული წვრთნები. ამ გადაწყვეტილების ერთგულები ვრჩებით. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს არკტიკასა და ჩვენი ევროპის წინა ხაზზე უსაფრთხოებას ეხება. არავითარ დაშინებას ან მუქარას არ ექნება ჩვენზე გავლენა არც უკრაინაში, არც გრენლანდიაში, და არც სადმე სხვაგან მსოფლიოში, სადაც ასეთი ვითარებების წინაშე ვდგავართ. ტარიფებზე მუქარები მიუღებელია და ადგილი არ აქვს ამ კონტექსტში. ევროპელები მათ ერთიანი და კოორდინირებული ფორმით უპასუხებენ, თუ ისინი დამტკიცებულ იქნება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ევროპის სუვერენიტეტი იყოს დაცული. ამ სულისკვეთებით მექნება საუბრები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან,”-ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი,ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის,კირ სტარმერის თქმით, ტარიფების დაწესება მოკავშირეების წინააღმდეგ, რომლებიც ერთობლივად მიისწრაფვიან ნატო-ს ქვეყნების კოლექტიური უსაფრთხოებისკენ, სრულიად არასწორია.

,,გრენლანდიაზე ჩვენი პოზიცია ძალიან ნათელია – ის დანიის სამეფოს ნაწილია და მისი მომავალი გრენლანდიელებისა და დანიელების საქმეა. ასევე ნათელი გავხადეთ, რომ არქტიკის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია მთლიანად ნატოსთვის და ყველა მოკავშირემ ერთად მეტი უნდა გააკეთოს არქტიკის სხვადასხვა ნაწილში რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე საპასუხოდ. ტარიფების დაწესება მოკავშირეების წინააღმდეგ, რომლებიც ერთობლივად მიისწრაფვიან ნატო-ს ქვეყნების კოლექტიური უსაფრთხოებისკენ, სრულიად არასწორია. რა თქმა უნდა, ამაზე პირდაპირ ვისაუბრებთ აშშ-ის ადმინისტრაციასთან,”-განაცხადა სტარმერმა.

ევროკომისიის პრეზიდენტი,ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი,ანტონიო კოშტა,ერთობლივად გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავენ,რომ ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს დანიას და გრენლანდიელ ხალხს.

„არაერთხელ გავუსვით ხაზი ჩვენს საერთო ტრანსატლანტიკურ ინტერესს არქტიკაში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ, მათ შორის ნატო-ს მეშვეობით. დანიის მიერ ორგანიზებული წინასწარ კოორდინირებული წვრთნები, რომელიც მოკავშირეებთან ერთად ჩატარდა, პასუხობს არქტიკის უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობას და საფრთხეს არავისთვის არ წარმოადგენს.დიალოგი კვლავ აუცილებელია და ვალდებულები ვართ, გავაგრძელოთ დანიის სამეფოსა და აშშ-ს შორის გასულ კვირას დაწყებული პროცესი. ტარიფები ძირს გამოუთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და სახიფათო დაღმავალი სპირალის რისკს შექმნის. ევროპა დარჩება ერთიანი, კოორდინირებული და ერთგული საკუთარი სუვერენიტეტის დაცვის მიმართ,”-აცხადებენ ევროკავშირის ლიდერები.

დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასიც.

,,თუ გრენლანდიის უსაფრთხოება რისკის ქვეშაა, ჩვენ შეგვიძლია ამ საკითხის მოგვარება ნატო-ს ფარგლებში. ტარიფები ევროპისა და შეერთებული შტატების გაღარიბების და ჩვენი საერთო კეთილდღეობისთვის ძირის გამოთხრის რისკს ქმნის,”-წერს კაია კალასი.

ამასთან, მისი მტკიცებით, აშშ-მა და ევროპამ არ უნდა დაუშვან, რომ მათ შორის დავის გამო მთავარი ამოცანიდან – უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების საკითხიდან – ყურადღება გადაიტანონ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 10%-იანი და შემდგომ 25%-იანი ტარიფები გამოაცხადა იმ ქვეყნების წინააღმდეგ, ვინც მას გრენლანდიაზე არ ეთანხმებიან. ეს ქვეყნები არიან: დანია, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები და ფინეთი.