ისტორია გვამცნობს, რომ ფიზიკური წვრთნა და სხვადასხვა სახის ვარჯიშბი თავდაპირველად სამხედრო საქმეს უკავშირდებოდა, ფიზიკური აღზრდის სისტემა კი საბრძოლო ხელოვნების დაუფლებას.
ანტიკური ოლიმპიური თამაშები ერთ-ერთი პიველი სპორტული ორგანიზებული შეჯიბრებაა კაცობრიობის ისტორიაში, რომლიც ძველ საბერძნეთში ტარდებოდა. იმართებოდა ოლიმპიაში, ელიდაში, პელოპონესის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ მხარეში.
ეს იყო საერთო-სახალხო რელიგიური დღესასწაული იყო, რომელიც საკულტო ცერემონიალისა და სპორტული შეჯიბრებებისგან შედგებოდა. ეძღვნებოდა ძველბერძნული პანთეონის უმაღლეს ღვთაებას – ზევსს. ზოგიერთი გადმოცემის თანახმად, ოლიმპიური თამაშები თვით ზევსმა დააფუძნა, სხვა ლეგენდის მიხედვით – მისმა ვაჟმა, ჰერაკლემ.
ანტიკური ოლიმპიური თამაშების ისტორია, პირობითად, 5 პერიოდად იყოფა. პირველი პერიოდი მოიცავს ძვ.წ. 776-720 წლებს, როდესაც დღესასწაულს ადგილობრივი ხასიათი ჰქონდა, მასში მხოლოდ დასავლეთ პელოპონესის მცხოვრებნი მონაწილეობდნენ.
მეორე პერიოდი მოიცავს ძვ.წ. 720-576 წლებს. მას სხვაგვარად სპარტანულ პერიოდსაც უწოდებენ.
მესამე პერიოდი კი მოიცავს ძვ.წ. 576-338 წლებს, მეორენაირად მას პანელინურ პერიოდსაც უწოდებენ. ოლიმპიურმა თამაშებმა საერთო-ბერძნული ხასიათი შეიძინა. ამ დროს ოლიმპიადებმა აღმავლობა განიცადეს და მონათმფლობელურ დემოკრატიასა და ელინურ პატრიოტიზმთან ერთად, ფაქტობრივად, განვითარების მწვერვალს მიაღწიეს.
მეოთხე პერიოდი მოიცავს ძვ.წ. 338-146 წლებს, სხვაგვარად მას მაკედონური პერიოდიც ეწოდება. ის პერონის ბრძოლის შემდეგ დაიწყო, როდესაც ბერძნები დამარცხდნენ მაკედონიელებთან და ოლიმპიადების ისტორიაში დაცემის ხანად იხსენიება. ამავე პერიოდში ოლიმპიურ თამაშებში გამოსვლა დაიწყეს პროფესიონალმა ათლეტებმა და მაკედონიელებმა.
მეხუთე პერიოდი მოიცავს ძვ.წ. 146 – ახ.წ. 394 წლებს. იწყება რომის იმპერიის მიერ საბერძნეთის დამორჩილებით. ამ პერიოდში ოლიმპიური თამაშები კვლავ ადგილობრივი მნიშვნელობის დღესასწაულამდე კნინდება, ძველი დიდებისგან მას მხოლოდ გარეგნული ელემენტებიღა ჰქონდა შემორჩენილი. ახ.წ. 394 წელს იმპერატორ თეოდოსიუს პირველის ბრძანებით, ოლიმპიური თამაშები აიკრძალა, როგორც წარმართული რიტუალი. ერთი წლის შემდეგ მდინარე ალფეოსთან რომაელებისა და გოთების ბრძოლა გაიმართა, ოლიმპია დაინგრა. ამას მეხუთე საუკუნეში დიდი წყალდიდობა და მიწისძვრები მოჰყვა. საბოლოოდ, იმპერატორ თეოდოსიუს მეორეს ბრძანებით, ოლიმპიის წარმართული ტაძრების ნანგრევები მიწასთან გაასწორეს.
მეცნიერები ისტორიულად დადასტურებული პირველი ოლიმპიური თამაშების ჩატარების თარიღად ძვ.წ. 776 წელს აღიარებენ. ეს წელი გამოცხადებულია ოლიმპიური თამაშების საწყისად, რადგან, როგორც ცნობილია, ამ დროს მარმარილოს სტელაზე პირველად ჩაიწერა თამაშების გამარჯვებული ათლეტის სახელი – კორეიბოსი ელედიდან. მორბენალი, პროფესიით მზარეული ყოფილა.
ოლიმპიური თამაშები ყოველი 4 წლის გასვლის შემდეგ იმართებოდა. ძველმა ბერძნებმა ეს ტრადიცია დროის ათვლის ორიგინალური კალენდარული სისტემისათვის გამოიყენეს, რომელსაც ოლიმპიონიკების – თამაშების გამარჯვებულთა სია დაედო საფუძვლად.
ქრისტეს შობამდე დაახლოებით 400 წელს ელიდელმა ფილოსოფოსმა ჰიპიასმა შეადგინა „გამარჯვებულ ოლიმპიონიკთა სია“. ეს სია სწორედ ძვ.წ. 776 წელს კორეიბოსის გამარჯვებით იწყებოდა.
ჰიპიასის ამ სიით ისარგებლა ბერძენმა მემატიანემ ტიმეოსმა და ოლიმპიური თამაშების საწყისად ძვ.წ. 776 წელი დაადგინა. ძვ.წ. 264 წელს ძველ საბერძნეთში მან პირველმა შემოიღო დროის აღრიცხვა „ოლიმპიადების“ მიხედვით – ანუ საერთო ბერძნული წელთაღრიცხვა . პერიოდს ერთი ოლიმპიური თამაშიდან მეორემდე მან „ოლიმპიადა“ უწოდა. ანუ ერთი ოლიმპიური წელი, „ოლიმპიადა“, 4 კალენდარულ, ჩვეულებრივ წელს შეადგენდა. ოლიმპიურ თამაშებს შორის დროის შუალედი 1417 დღეს უდრიდა. ძველი ბერძენი მემატიანეები როდესაც რაიმე ღირსშესანიშნავ მოვლენას აღნიშნავდნენ, წერდნენ: „ფოკიელებმა 105 ოლიმპიადის მეოთხე წელს დაიპყრეს დელფო, როდესაც კირენელმა პოროსმა სტადიოდრომში გაიმარჯვა“.
ყოველ „ოლიმპიადას” საკუთარი სახელი ეწოდებოდა – სირბილში გამარჯვებული ოლიმპიონიკის სახელი.
მატიანეში არსებობს ცნობა, რომლის თანახმადაც, ოლიმპიური თამაშების საწყისი კიდევ უფრო შორეულ წარსულში უნდა ვეძებოთ – სირიელი მალაისის ქრონიკაში ნათქვამია, რომ ცნობილი ბიბლიური მეფის, საულის ხანაში (ძვ.წ.1030-1010 წწ) ოლიმპიური თამაშები უკვე იმართებოდა. ისტორიაში პირველი სპორტული შჯიბრის ჩატარების ზუსტი თარიღი დაუდგენელია.