“Imagine” არის ჯონ ლენონის სიმღერა. მომღერლის სოლო კარიერის ყველაზე გაყიდვადი სიმღერის ტექსტი მოუწოდებს მსმენელს წარმოიდგინონ სამყარო, სადაც ეროვნული საზღვრები, რელიგიური განსხვავებები და მატერიალური სიმდიდრე ხალხს აღარ ყოფს.

შექმნის ისტორია

სიმღერა ჩაიწერა 1971 წლის 20 მაისიდან 5 ივლისამდე პერიოდში. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ლენონმა აღნიშნა, რომ სიმღერის ტექსტისა და შინაარსის უმეტესი ნაწილი მის მეუღლეს იოკო ონოს ეკუთვნის. თუმცა ავტორობა ოფიციალურად მხოლოდ ლენონის სახელით გამოქვეყნდა.

ჩარტები და წარმატება

ოქტომბერში ლენონმა გამოუშვა სიმღერა აშშ-ში, სადაც იგი Billboard Hot 100-ის მესამე ადგილზე გავიდა. 1975 წელს სიმღერა ოფიციალურად გამოვიდა დიდ ბრიტანეთში და ჩარტებში მე-6 ადგილი დაიკავა. სიმღერა საბოლოოდ გახდა ლენონის სავიზიტო ბარათი – მისი ყველაზე ცნობადი შემოქმედება.

Rolling Stone-ის ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერის სიაში “Imagine” მესამე ადგილს იკავებს, ხოლო Performing Songwriter-მა 1981 წელს იგი “ყველა დროის საუკეთესო კომპოზიციად” დაასახელა.

1999 წელს, „საუკუნის სიმღერის” სიაში მან 30-ე ადგილი დაიკავა.  სიმღერამ მიიღო გრემის დიდების დარბაზის ჯილდო და შევიდა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის სიაში „500 სიმღერა, რომელიც აყალიბებს როკ-ენ-როლს”.

გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა სიმღერა ყველა დროის მეორე საუკეთესო ჰიტად დაასახელა ბრიტანული ჰიტ სინგლების გამოკითხვაში.

ბრიტანეთში სიმღერის 1,7 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და 200-ზე მეტმა შემსრულებელმა შეასრულა, მათ შორის არიან მადონა, სტივი უანდერი, ლედი გაგა, ელტონ ჯონი და დიანა როსი.

საინტერესო ფაქტები

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში “Imagine”-ს თითქმის იმავე სიხშირით მოისმენთ, როგორც ეროვნულ ჰიმნს.

1980 წლის 26 ნოემბერს – ლენონის გარდაცვალებამდე 12 დღით ადრე – სიმღერა ხელახლა გამოვიდა დიდ ბრიტანეთში და ჩარტებში პირველ ადგილზე გავიდა. იმავე დღეს გადაიღეს ბოლო ვიდეო, სადაც ლენონი სათვალეებით უკრავს ფორტეპიანოზე.

2002-5 წლიდან Times Square-ზე ყოველ საახალწლო საღამოს წინ ჟღერს „Imagine”. კონგრესის ბიბლიოთეკამ სიმღერა შეიყვანა ეროვნულ რეესტრში, როგორც „კულტურულად, ისტორიულად ან ესთეტიურად მნიშვნელოვანი” ნამუშევარი.