დღეს საპონი ყოველდღიური ცხოვრების ისეთი ჩვეულებრივი ნაწილია, რომ მის მნიშვნელობაზე იშვიათად ვფიქრობთ. თუმცა, კაცობრიობის ისტორიაში არსებობდა დრო, როდესაც ადამიანები ვერ აცნობიერებდნენ, რომ უბრალო ხელების დაბანას სიცოცხლის გადარჩენა შეეძლო.
არსებული ცნობებით, საპონს ჯერ კიდევ ძველი ბაბილონისა და შუმერის ცივილიზაციებში ამზადებდნენ — დაახლოებით 2800 წლით ჩვენს ერამდე. მესოპოტამიაში აღმოჩენილ თიხის ფირფიტებზე აღწერილია მისი დამზადების ტექნოლოგიაც. მოგვიანებით, ეგვიპტურმა პაპირუსებმა დაადასტურა, რომ ეგვიპტელები საპონს ჰიგიენისთვის სისტემატურად იყენებდნენ.
ჰიგიენის ეს საშუალება ფართოდ იყო გავრცელებული ძველ რომშიც, თუმცა საუკუნეების შემდეგ ადამიანის ჯანმრთელობასა და სისუფთავეს შორის კავშირი თითქოს დავიწყებას მიეცა.
XIX საუკუნეში ექიმები ჯერ კიდევ ფიქრობდნენ, რომ დაავადებები „მიაზმით“ — უსიამოვნო სუნით ვრცელდებოდა. ამიტომ, ოპერაციამდე ხელების დაბანა აუცილებლობად არ მიიჩნეოდა. ექიმები ხშირად ერთი პაციენტიდან მეორესთან ისე გადადიოდნენ, რომ ხელებს საერთოდ არ იბანდნენ.
სწორედ ამ რეალობამ მიიპყრო უნგრელი ექიმის, იგნაზ სემელვეისის ყურადღება. დაახლოებით 130 წლის წინ ის ვენის სამშობიარო კლინიკაში მუშაობდა, სადაც ქალთა სიკვდილიანობა საგანგაშოდ მაღალი იყო.
ყველაფერი ერთი შემთხვევის შემდეგ შეიცვალა.
ერთ-ერთმა ექიმმა პაციენტთან მუშაობისას ხელი გაიჭრა. რამდენიმე დღეში ექიმიც და პაციენტიც თითქმის იდენტური სიმპტომებით გარდაიცვალნენ. სემელვეისი მიხვდა, რომ გვამიდან ექიმზე რაღაც უხილავი „ნაწილაკი“ გადავიდა, რომელმაც ინფექცია გამოიწვია.
მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მიკრობების არსებობა ჯერ კიდევ დადასტურებული არ იყო, სემელვეისმა ექიმებს ქლორიანი ხსნარით ხელების დაბანა დაავალა.
შედეგი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა — სამშობიაროში სიკვდილიანობა 18%-იდან 1%-მდე შემცირდა.
მოგვიანებით, 1857 წელს ლუი პასტერმა პათოგენების არსებობა მეცნიერულად დაადასტურა, ხოლო 1876 წელს რობერტ კოხმა ანთრაქსის ბაცილა აღმოაჩინა. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მედიცინაში ჰიგიენის წესების სისტემური დამკვიდრება.
დღეს მეცნიერება ადასტურებს, რომ საპონი ვირუსულ და ბაქტერიულ ნაწილაკებს მაღალი ეფექტიანობით ანადგურებს. ერთი შეხედვით უბრალო ჩვევა — ხელების დაბანა — კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ იარაღად იქცა ინფექციებთან ბრძოლაში.